მისი თქმით, საზარელი მკვლელობის მიზანი მხოლოდ იური ვზაგაშვილი არ ყოფილა.
„მინდა, თქვენთან ერთად და თქვენი სახელით, კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოვთქვა ბატონი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო. დამეთანხმებით, რომ ქალბატონი ირინა ენუქიძის გარდაცვალებით ჩვენ დავკარგეთ ქართველი დედის სიმბოლო და ეტალონი, ბატონი იურის გარდაცვალებით ჩვენ ქართველი მამის სიმბოლო და ეტალონი გამოგვეცალა. მინდა, თქვენთან ერთად ვისურვო და მივცეთ პირობა ყველას, რომ ქართველი დედები და მამები აღარ შეეწირებიან თავიანთი მოკლული შვილებისთვის ბრძოლას და დამნაშავეების დასჯისთვის ბრძოლას. ამას თავად გააკეთებს ქართული სახელმწიფო. ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ეს არის ჩვენი ვალი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება.
ისიც ფაქტია, რომ ამ საზარელი მკვლელობის სამიზნე არ იყო მხოლოდ ბატონი იური. ბატონმა იურიმ უკვე მოასწრო ყველაფრის თქმა, რისი თქმაც მისგან იყო საჭირო. როგორც ჩანს, აქ სხვა მიზნებია და ამიტომ, მინდა, ყველას მივმართო: ჩვენი სწორი რეაქცია ამ საშინელებაზე იქნება ის, რომ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამის გამო ვინმე გაჩუმდება – არ უნდა გაჩუმდეს, სათქმელი უნდა ითქვას და მეორე, თუ ამის მიზანია ქართული სახელმწიფოს გამოცდა, ხელისუფლების გამოცდა, შეგვიძლია თუ არა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, გამოვიძიოთ დანაშაული, თუ რამე შეცდომა იყო დაშვებული, ამ შეცდომას გავუმკლავდეთ, შევხედოთ რეალურად თვალებში და ნაბიჯები გადავდგათ – ზუსტად ეს უნდა გავაკეთოთ, ეს იქნება ჩვენი სწორი რეაქცია ამ ყველაფერზე, გარდა საერთო მწუხარებისა, რომელსაც ყველა ვუერთდებით”, – განაცხადა უსუფაშვილმა.