ახალი ამბები

აჭარის უმაღლესი საბჭო მზადაა ორი მანქანის ტექნიკური მომსახურების სერვისში 124 550 ლარი გადაიხადოს

22 იანვარი, 2015 •
აჭარის უმაღლესი საბჭო მზადაა ორი მანქანის ტექნიკური მომსახურების სერვისში 124 550 ლარი გადაიხადოს

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საუბარია TOYOTA PRADO-სა და MERCEDES BENZ-ის ტექნიკურ მომსახურებაზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბჭო ზემოხსენებულ საავტომობილო მოწყობილობებს პრეისკურანტით ყიდულობს და ტექნიკური მომსახურება 1 წლის განმავლობაში უნდა მიიღოს. პრეისკურანტის სავარაუდო ჯამური ღირებულება სწორედ 124 550 ლარია.


“შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ტექნიკურ დავალებაში მითითებული ვადების შესაბამისად.


მომსახურება უნდა განხორციელდეს გონივრულ ვადაში მიმწოდებლის სერვისცენტრ(ებ)ში ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამასთან, მომსახურება უნდა დაიწყოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს ერთი დღისა. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება ან/და შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით, არანაკლებ ზემოაღნიშნული ვადების შესაბამისად.”, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.


იმ მომსახურებების ჩამონათვალს, რომლის შეძენასაც უწყება ზემოხსენებული ავტომობილებისთვის აპირებს, შეგიძლიათ იხილოთ აქ


ტენდერი 15 იანვარს გამოცხადდა და წინადადებების მიღების ვადა ხვალ სრულდება.


UPDATE: აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის პრესსამსახური ორი ავტომობილის შეკეთებაზე გამოცხადებული ტენდერის შესახებ განმარტებას აკეთებს. პრესსამსახურის უფროსის ბესარიონ შერვაშიძის თქმით, უმაღლესი საბჭო ორი ავტომანქანის, 2008 წელს გამოშვებული „ტოიოტა პრადოსა“ და 1991 წელს გამოშვებული „მერსედეს ბენცის“ შეკეთებისთვის არა 124 550 ლარს, არამედ, მაქსიმუმ 8 ათას ლარს გადაიხდის.


„თუ ავტომობილი ხუთ წელზე მეტი ხნისაა, მისი მომსახურება უნდა დაიდოს ტენდერზე – ამას ითვალსწინებს კანონი. ამ ეტაპზე უმაღლეს საბჭოს ორი მანქანა აქვს ასეთი, რომლებიც, კანონის შესაბამისად, დაძველებულია. პრეისკურანტს უმაღლესი საბჭო განსაზღვრავს იმ კომპანიების პრეისკურანტის მიხედვით, რაც კომპანიებს აქვთ და ეს თანხა, რა თქმა უნდა, არ არის ორი მანქანის რემონტისათვის გამოყოფილი თანხა. 8 ათასი ლარი არის თანხა, რომელიც უმაღლესმა საბჭომ სავარაუდო, შესაძლო მომსახურებისათვის დადო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს თანხა შემოთავაზებების დროს შემცირდება – ეს ერთი. მეორეც – შესაძლებელია ამ თანხის დახარჯვა [რვა ათასი ლარი] არ გახდეს საჭირო ერთი წლის განმავლობაში, თუკი ავტომობილებს ეს ნაწილები არ დასჭირდებათ, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ძველი მანქანებია, უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა ტენდერი, კანონის შესაბამისად“, – განმარტა ბესარიონ შერვაშიძემ „ბათუმელებთან“.


მისი თქმით, თუკი 2015 წლის მანძილზე მანქანების ის ნაწილები გაფუჭდება, რომელთა გარემონტება 8 ათასზე მეტი ლარი ჯდება, უმაღლესი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, ღირს ამ თანხის დახარჯვა თუ არა, ამჯერად კი ხელშეკრულება რვა ათას ლარზე მეტ თანხაზე არ დაიდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი