ახალი ამბები

მოსამართლეობის კანდიდატი გამოხატვის თავისუფლებაზე, ლგბტქ პირების უფლებებზე და სასამართლოს ნდობაზე

17 ივლისი, 2019 • 1374
მოსამართლეობის კანდიდატი გამოხატვის თავისუფლებაზე, ლგბტქ პირების უფლებებზე და სასამართლოს ნდობაზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ზურაბ აზნაურაშვილი ფიქრობს, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ პირადი ღირსების შეურაცხყოფის შემთხვევაში. მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს, 17 ივლისს დაიწყო.

ზურაბ აზნაურაშვილს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე გასაუბრებაზე ჰკითხეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებზე, მათ შორის, მოსამართლესთან მიმართებით.

“გამოხატვის თავისუფლება, ჩემი აზრით, არის თითქმის უნივერსალური უფლება, რომელსაც თავისუფალ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია. რა თქმა უნდა, მოსამართლეს აქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი შესაძლებელია იყოს პირადი ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი. არ უნდა მიეცეს შეზღუდვის ფორმა, მაგრამ პირადი ღირსების შემლახველი განცხადება ნებიმიერი პირის მიმართ… პირადი შეურაცხყოფის კუთხით შეზღუდვა, ალბათ, უნდა არსებობდეს”, – განაცხადა აზნაურაშვილმა.

ლგბტქ პირებზე და პრაიდის უფლებაზე

აზნაურაშვილი ამბობს, რომ 10 წლის წინ კრიტიკულად იყო განწყობილი სექსუალური უმცირესობების მიმართ, მაგრამ შემდეგ შეხედულება შეეცვალა.

“ყველა ადამიანი არის თანასწორი. მათ აქვთ იგივე უფლებები, რაც ყველა ადამიანს. მათ აქვთ შეკრების თავისუფლება. რამდენიმე დღის წინ მოხდა ასეთი შეკრება. არავითარი საწინააღმდეგო არ გამაჩნია. ზოგადად აქციებზე არ ვყოფილვარ, ნებისმიერი ადმაიანის უფლებებს დავუჭერ მხარს, თუ საჭიროა, აქციითაც”, – აღნიშნა აზნაურაშვილმა.

სასამართლოსადმი ნდობის პრობლემა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ზურაბ აზნაურაშვილი ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემისადმი ნდობის ნაკლებობის “მიზეზები შეიძლება იყოს გარკვეული პოლიტიკური, საზოგადოებრივი ზეწოლა, რომლისგანაც სასამართლო თავისუფალი უნდა იყოს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი