საგამოძიებო უწყების ცნობით, ამ ეტაპისთვის საქმეზე მოწმის სახით დაკითხულია 30-მდე პირი. პროკურატურაში სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ასევე შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლების მონაწილეობით.
“საგამოძიებო ჯგუფი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების მომენტიდან უწყვეტ რეჟიმში ატარებს ყველა აუცილებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს მომხდარი შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. გამოძიების ამ ეტაპზე დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი, გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილის გვამი, შემთხვევის ადგილიდან და გვამიდან აღებულია შესაბამისი ნიმუშები, დათვალიერებულია გარდაცვლილის კუთვნილი ავტომანქანა, დანიშნულია სხვადასხვა სახის აუცილებელი ექსპერტიზები ი.ვაზაგაშვილის გარდაცვალების მიზეზის, ასაფეთქებელი მოწყობილობის სახეობის, მოდელის და მდებარეობის, ასევე საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურა საზოგადოებას მიმართავს, გაგებით მოეკიდონ იმ ფაქტს, რომ პროკურატურა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მომხდარის შესაძლო საგამოძიებო ვერსიებსა და საქმის გარკვეულ დეტალებზე ვერ ისაუბრებს:
” ამან შეიძლება დააზიანოს გამოძიების ინტერესები. ამ ეტაპზე შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვთქვათ, რომ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა გამხდარიყო ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად მიყენებული დაზიანებები, თუმცა გადაჭრით აღნიშნულზე, ასევე სხვა დეტალებზე საუბარი შესაძლებელი იქნება მხოლოდ ყველა ექსპერტიზის დასრულების შემდგომ, რომლის შედეგებსაც პროკურატურა დასრულებისთანავე გააცნობს საზოგადოებას”,- ნათქვამია განცხადებაში.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით [რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში] დაიწყო.
2006 წლის 2 მაისს თბილისში, ”დინამოს” ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, იქ, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლი მდებარეობს, სამართალდამცავებმა სპეცოპერაციისას ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს.
მაშინდელი გამოძიების ცნობით, სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები დაიღუპნენ, რასაც მაშინვე მოჰყვა საზოგადოების ნაწილის პროტესტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციელებმა უდანაშაულო ახალგაზრდები მოკლეს.
ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან მისი შვილის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა, ამ მოთხოვნით 2013 წელს იუსტიციის სახლის წინ აქციაც გაიმართა.