ესაა გზა, დააშინოს საქართველო, რომელიც ასეთი წარმატებული გახდა – ჰოვარდი პუტინის განცხადებებზე

ინტერვიუ ჩაწერა “ამერიკის ხმის” ქართულმა რედაქციამ.

ჯეიმსთაუნის ფონდის პრეზიდენტი, გლენ ჰოვარდი, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას აფასებს. მისი თქმით, პუტინის კომენტარი საქართველოს ოკუპანტობაზე აბსურდია და ამ განცხადებებით ცდილობს დააშინოს საქართველო.

ჰოვარდი თვლის, რომ საჭიროა ნატოსა და ამერიკასთან მეტი თანამშრომლობა სამხედრო და სხვა დონეებზე, რათა რუსეთმა იცოდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში დასავლელი პარტნიორები საქართველოს თავდაცვაში დაეხმარებიან.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან საუბარში თქვა, რომ არ დაეთანხმება სანქციებს საქართველოზე, ქართველი ხალხის პატივისცემის გამო. თუმცა მანამდე ქართველებს ოკუპანტები უწოდა და ოსების გენოციდში დასდო ბრალი. გარდა ამისა, საქართველოს 20% პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ამის ფონზე როგორ შეაფასებდით მის კომენტარს?

ვფიქრობ, პუტინის განცხადება შეგვიძლია გავიგოთ, როგორც აგრესიის ერთ-ერთი ფორმა. ასევე, ეს იყო იმპერიალისტის იმპერიალისტური განცხადება, რომელიც საქართველოს ხედავს, როგორც მხოლოდ პატარა მეზობელს, რომლის დასჯაც და შეურაცხყოფაც შესაძლებელია. ეს ძალიან უცნაური განცხადებაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთს თავად აქვს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული. საუბარი ოსი ხალხის გენოციდზე იმ ქვეყნისგან, რომელმაც ამდენი საშინელება ჩაიდინა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 1930-იან წლებში, გასაკვირია. ვფიქრობ, თუ ვინმემ იცის [კავკასიის] რეგიონის ისტორია, მიხვდება, რომ პუტინის სიტყვები უკიდურესად აბსურდულია. მაგრამ ესაა ნაწილი იმისა, თუ როგორ სჯის რუსეთი საქართველოს. მიდის ფსიქოლოგიური ომიც, რომ დააშინოს და როგორმე შემდეგში გამოიწვიოს უკმაყოფილება და დაძაბულობა საქართველოში, რადგან მას სურს, რომ საქართველო არასტაბილური გახდეს.

როგორ ფიქრობთრის მიღწევას ცდილობს პუტინიროდესაც საქართველოზე, როგორც  ოკუპანტ და მოძალადე ქვეყანაზე საუბრობს?

ის [პუტინი] ცდილობს ამოატრიალოს დასავლური ნარატივი იმის შესახებ, რომ საქართველო რუსული აგრესიისგან დაზარალდა. ის ცდილობს ეს შეხედულება მკვეთრად შეცვალოს და გამოიყენოს ქართველების წინააღმდეგ.

აქამდე მათი ნარატივი ის იყო, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს, საქართველოა დამნაშავე და თავისი ცუდი მთავრობის გამო საქართველომ დაიმსახურა ის, რაც მიიღო. არ მგონია, რომ პუტინს სჯერა იმის, რასაც ახლა ამბობს. ვფიქრობ, მისთვის ესაა გზა, რომ დაუსრულებლად დააშინოს საქართველო, რომელიც ასეთი წარმატებული გახდა. მით უმეტეს, ახლა, როდესაც საქართველოში ამდენი ტურისტი ჩამოდის, არის გზაჯვარედინი აღმოსავლეთისა და დასავლეთისთვის, ასევე, აქვს არაჩვეულებრივი ანაკლიის პორტის პროექტი, რომლის განვითარებაც სურს საქართველოს. ასე რომ, საქართველოს ძალიან ბევრი აქვს საამაყო, რომ აღარაფერი ვთქვათ მის არაჩვეულებრივ კულტურაზე, ღვინოსა და საჭმელზე.

პუტინის გამოსვლის შემდეგ ჩვენ ვერ მოვისმინეთ საქართველოს ხელისუფლების ვერც ერთი წარმომადგენლის მყისიერი განცხადება ბრალდებებზე საქართველოს წინააღმდეგთუმცა უმოკლეს დროში რეაგირება ვნახეთ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგზე.   თქვენი აზრით, საუბრობს თუ არა ეს ხელისუფლების მხრიდან რაიმე ტენდენციაზე?

ტენდენცია კარგად ცნობილი და ჩამოყალიბებულია: პარტია ქართული ოცნება ცდილობს არ გააღიზიანოს რუსეთი. მათ მისცეს გარკვეულ რუსულ ჯგუფებს უფლება, რომ დაბრუნებულიყვნენ ქართულ საზოგადოებაში. მთავარი საფრთხე კი იქიდან მომდინარეობს, რომ საქართველოში ჩრდილოვანი მმართველობის ფორმა არსებობს. ამერიკაში ბევრია შეშფოთებული იმით, თუ როგორ იზრდება ნელ-ნელა ამ მთავრობის მცდელობა დაათბოს ურთიერთობები რუსეთთან და მოერგოს პუტინს, მოერგოს რუსეთს.

მესმის, რომ მათ [მთავრობას] არ სურთ აგრესიული პოზიცია დაიჭირონ, მაგრამ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მისცა ჯაველინები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც საქართველოს თავდაცვისთვის სჭირდება. ასე რომ ,ამერიკამ დაანახა ყველას, რომ ის მზადაა დაეხმაროს საქართველოს.

ყველასთვის ნათელიარომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და რუსული მედია დიდ როლს თამაშობს ამაშითავად რუსეთის პრეზიდენტიც   არ უშვებს შანსს ხელიდანრომ საქართველოს ისტორიის საკუთარ ვერსიებზე ისაუბროს   როგორ ფიქრობთრა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვისრომ ებრძოლოს ამ ყალბ ინფორმაციას და ახალ ამბებს?

ქართველებს კარგად შემუშავებული პროპაგანდის პოლიტიკა სჭირდებათ, რათა მაქსიმალურად შეამცირონ რუსული გავლენა ქართულ საზოგადოებაზე. თუმცა საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ტაქტიკა შემაშფოთებლია ჩემთვის, რადგან არ შეიძლება, რომ მისცენ რუსებს უფლება ისევ დაბრუნდნენ საქართველოში, იმიტომ, რომ რუსული ზეგავლენა ისევ გაიზრდება. ის საკმაოდ დაბალი იყო 2011-2012 წლებში, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ზეგავლენა ნელ-ნელა იზრდება. ასევე ვხედავთ ქართულ საზოგადოებას, რომელიც ასეთი დაყოფილია. ასე დაპირისპირებული ქართველები ბოლო პერიოდში მე არ მახსოვს. ამ ყველაფრისგან სარგებელი მხოლოდ ერთ ქვეყანას აქვს, რომელიც თქვენი ჩრდილო მეზობელია და რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებას ახდენს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავი ახლოვდება. როგორ ფიქრობთ, სჭირდება თუ არა საქართველოს მეტი მხრდაჭერა დასავლეთისგან, იმისთვის, რომ დაცული იყოს სამომავლოდ შესაძლო აგრესიისგან?

ვფიქრობ, ნომერ პირველი გაკვეთილი, რაც საქართველომ აგვისტოს ომის შემდეგ მიიღო, ის იყო, რომ საქართველოს თანამედროვე ჯარი სჭირდება. სჭირდება ოფიცრები, რომლებიც საუბრობენ ინგლისურად და განათლება დასავლეთში აქვთ მიღებული. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ტრამპის ადმინისტრაციამ მისცა საქართველოს ძალიან კარგი საშუალება, რომ მიეღო საჭირო სამხედრო აღჭურვილობა თავდაცვისათვის.

ვფიქრობ, მთავარი ისაა, რომ საქართველო ნატოსკენ და ევროატლანტიკური ერთობისკენ მიდის და ეს უნდა გაგრძელდეს. თუმცა საქართველოს უნდა ჰქონდეს საკუთარი თანამდეროვე ჯარიც და უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა. ამერიკა კი მუდმივად მზადაა, რომ ამაში დაეხმაროს.

ინტერაქცია საქართველოს ჯარებს, ამერიკის სამხედრო ძალებსა და ნატოს შორის უნდა გაგრძელდეს და, ვფიქრობ, უნდა გამოინახოს გზები, თუ როგორ გაღრმავდეს ეს ურთიერთობები. არ მგონია, რომ ნატო ჯერ ჰორიზონტზე ჩანს, მაგრამ ნატოსთან ინტერაქცია სხვადასხვა დონეზე ნამდვილად იზრდება. საჭიროა ნატოსთან მეტი თანამშრომლობა ყველა დონეზე. მაგალითად, ახლა ნატოს სამხედრო სწავლებები მიმდინარეობს შავი ზღვის რეგიონში და უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ტიპის ჩართულობა არსებობდეს ნატოსა და ამერიკის მხრიდან შავი ზღვის რეგიონში, როგორც ნიშანი რუსეთისთვის, რომ ამერიკა მზადაა დაეხმაროს საქართველოს თავდაცვაში, თუ ეს საჭირო გახდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი