ახალი ამბები

EMC საპატრიარქოსთან ქუჩის მხატვრების მანიფესტის საქმეზე პოლიციელების დასჯას ითხოვს

21 იანვარი, 2015 •
EMC საპატრიარქოსთან ქუჩის მხატვრების მანიფესტის საქმეზე პოლიციელების დასჯას ითხოვს

EMC მოითხოვს, რომ შეისწავლონ მისი განცხადება და შსს-ს ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის და ცალკეულ თანამდებობის პირთა მიმართ დაიწყოს დისციპლინური დევნა და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

 

EMC-ის შეფასებით, პოლიციის თანამშრომლები საპატრიარქოსთან სტენსილის მხატვრებთან, მ. ნატროშვილსა და გ. ჯიშკარიანთან, გასაუბრების დროს ინტერესდებოდნენ არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რომელიმე მუხლის დარღვევით, არამედ მ. ნატროშვილისა და გ. ჯიშკარიანის რელიგიური გრძობებით და მოახდინეს საკუთარი თავის იდენტიფიცირება დომინანტ რელიგიურ ჯგუფთან, რითიც მათ პოლიციის შესახებ კანონთან ერთად დაარღვიეს საჯარო სამსახურის სეკულარული ხასიათი, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპის შემადგენელია.

 

EMC-ის მიაჩნია, რომ ფაქტობრივი გარემოებები აჩვენებს, რომ პოლიციის ფუნქციები პოლიციისვე თანხმობით შეითავსეს საპატრიარქოს უსაფრთხოების თანამშრომლებმა, რომლებიც გასაუბრებას ესწრებოდნენ და მ. ნატროშვილსა და გ. ჯიშკარიანს კონკრეტული კითხვებით მიმართავდნენ. აღნიშნულით კი დაირღვა პოლიციის შესახებ კანონის მე-3 მუხლი და ასევე პოლიციის ეთიკის კოდექსის 1.8 ნაწილი, რომელიც პოლიციის თანამშრომლებს ავალდებულებს იყვნენ მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები, მოეპყრას ადამიანს სამართლიანად და მიუკერძოებლად, განურჩელად მათი პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებისა.

 

ძველი თბილისის პოლიციის უფროსმა ნატროშვილსა და ჯიშკარიანს განუცხადა, რომ პატრიარქის ნება იყო, ისინი არ დასჯილიყვნენ, პოლიციას არა ვინმეს დასჯა ან კონკრეტულ სამართალდარღვევაზე რეაგირება აინტერესებდა, არამედ სურდათ გაეგოთ მართლმადიდებლებს, ქართველებს, რატომ გაუჩნდათ მსგავსი წარწერა გაეკეთებინათ საპატრიარქოს შესასვლელთან პატრიარქის დაბადების დღეს, აცხადებს EMC.

 

“აღსანიშნავია, რომ ჯიშკარიანისა და ნატროშვილის ქმედებაში არ იკვეთება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული არც ერთი შემადგენლობა. შესაბამისად, EMC-ის მიაჩნია, რომ პოლიციის მხრიდან ამ შემთხვევაზე აქტიური რეაგირება, სწორედ საპატრიარქოს, როგორც დომინანტი რელიგიური ინსტიტუციის მიმართ გამოვლენილი პროტესტით იყო განპირობებული, რაც წინააღმდეგობაში მოდის სეკულარული სახელმწიფოს პრინციპთან”, – აცხადებს ორგანიზაცია.

 

EMC მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღოს ზოგადი ხასიათის ღონისძიებები რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევის პრევენციის მიზნით, რაც მათ შორის, პოლიციის თანამშრომლებისთვის შესაბამისი მითითების მიცემასა და ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს.

 

25 მილიონი- ქუჩის მხატვრების წარწერა საპატრიარქოსთან. თბილისი, საქართველო 04/01/2015 ფოტო: მარიამ ნატროშვილი
25 მილიონი- ქუჩის მხატვრების წარწერა საპატრიარქოსთან. თბილისი, საქართველო 04/01/2015 ფოტო: მარიამ ნატროშვილი

EMC-ს განცხადება ეხება 8 იანვარს, საპატრიარქოს განცხადების საფუძველზე, ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში მხატვრების, მარიამ ნატროშვილის და გვანცა ჯიშკარიანის დაბარებისა და მათთან გასაუბრების კანონიერების საკითხს. 4 იანვარს მხატვრებმა, მარიამ ნატროშვილმა და გვანცა ჯიშკარიანმა თბილისში, საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიასა და ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე შავი სტენსილით დაწერეს 25 000 000, რითიც მართლმადიდებელი ეკლესიის არასეკულარული და დისკრიმინაციული დაფინანსების პოლიტიკა გააპროტესტეს.

 

8 იანვარს ძველი თბილისის პოლიციის I განყოფილების უფროსმა მარიამ ნატროშვილი და გვანცა ჯიშკარიანი თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში დაიბარა. EMC-ის ცნობით, პოლიციელს მარიამისთვის არ უთქვამს, რა სტატუსით ან რა საქმეზე უნდა მისულიყვნენ პოლიციის განყოფილებაში. განყოფილებაში მათ, პოლიციელებთან ერთად, საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის 3 თანამშრომელი დახვდა. როდესაც ნატროშვილმა და ჯიშკარიანმა ადვოკატის თანხლებით საუბარი მოითხოვეს, პოლიციელმა მათ უთხრა, რომ იურისტი არ სჭირდებოდათ, ვინაიდან დაკითხვა არ მიმდინარეობდა და სისხლის სამართლის საქმე არ იყო დაწყებული.

 

გ. ჯიშკარიანი EMC-ის უცხადებს, რომ ვინაიდან საუბარში და მათი „ჭკუის დარიგებაში“ პერიოდულად ერთვებოდნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები, მას გაუჩნდა განცდა, რომ პოლიციის უფროსის კაბინეტში ორი მხარე იყო: ერთ მხარეს მარიამი და გვანცა, ხოლო მეორე მხარეს- პოლიცია და საპატრიარქოს წარმომადგენლები, რაზეც პოლიციის უფროსმა მათ განუცხადა: „შენ წარმოიდგინე, რომ მხოლოდ თქვენ ხართ და ჩვენ დანარჩენი საქართველო“.

მასალების გადაბეჭდვის წესი