როგორც ალთუნაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, იგი ვერ დააკონკრეტებს, რა ტიპის ასაფეთქებელ მოწყობილობაზეა საუბარი და როგორ მოხდა მისი გააქტიურება, რადგან ამის შესახებ განცხადებას თვითონ პროკურატურა გააკეთებს.
“ჩვენ მიერ ჩატარებულ იქნა სამუშაოები, ამოღებულ იქნა ნივთმტკიცებები. დადგენილია იმ ასაფეთქებელი მოწყობილობის სახეობა, ახლა ზუსტდება, თუ რა მოდელზეა საუბარი, თუმცა ეს არის საბრძოლო დანიშნულების ასაფეთქბელი მოწყობილობა”, – განაცხადა ექსპერტმა.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით [რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში] დაიწყო.
2006 წლის 2 მაისს თბილისში, ”დინამოს” ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, იქ, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლი მდებარეობს, სამართალდამცავებმა სპეცოპერაციისას ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს.
მაშინდელი გამოძიების ცნობით, სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები დაიღუპნენ, რასაც მაშინვე მოჰყვა საზოგადოების ნაწილის პროტესტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციელებმა უდანაშაულო ახალგაზრდები მოკლეს.
ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან მისი შვილის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა, ამ მოთხოვნით 2013 წელს იუსტიციის სახლის წინ აქციაც გაიმართა.