ახალი ამბებირეკლამა

თამარ კორძაია: იქნებ ხანდახან რეციდივის მიზეზი ჩვენშია

4 აგვისტო, 2019 • 1542
თამარ კორძაია: იქნებ ხანდახან რეციდივის მიზეზი ჩვენშია

თამარ კორძაია, იურისტი, პოლიტიკოსი: 

„პირველ-მეორე კურსელი სტუდენტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ან საინტერესო საგანია სისხლის სამართალი [კრიმინალური სამართალი]. ამის მიზეზი სავარაუდოდ ისაა, რომ გაინტერესებს, რატომ ჩადიან ადამიანები დანაშაულს, როგორ უნდა მიუდგეს სახელმწიფო ასეთ ადამიანს, როგორ უნდა დაუმტკიცოს დანაშაულის ჩადენის ფაქტი და კიდევ უამრავი საინტერესო საკითხი. ორი რამ, რაც სტუდენტს ყველაზე კარგად რჩება ცნობიერებაში, ეს არის: დანაშაული უნდა დამტკიცდეს უტყუარი მტკიცებულებებით და სასჯელის მიზანი არ არის სამაგიეროს გადახდა. სწავლისას აღგაფრთოვანებს დამნაშავესა და დაზარალებულის კანონიერ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის შექმნის იდეა.

თუმცა ეს ცოდნა და დამოკიდებულება რაღაც აბსტრაქტულში გადაიზრდება ხოლმე, როცა კონკრეტულ და რეალურ დანაშაულს შევეხებით. იმთავითვე იწყება დისკუსია სასჯელის სიმკაცრის საჭიროებაზე. უკანასკნელი წლების განმავლობაში არ მახსენდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დანაშაულზე სასჯელის შემცირებას შემოგვთავაზებდა. ერთადერთი რეალური წინსვლა სისხლის სამართლის პოლიტიკის ჰუმანიზაციის თვალსაზრისით, იყო სასჯელთა შთანთქმის [ყველაზე დიდი სანქცია შთანთქავს სხვა დანაშაულების სანქციებს, ანუ სასჯელები არ იკრიბება] პრინციპის დაბრუნება.

ახალი პრობლემის გამოჩენას ხელისუფლება ცდილობს უპასუხოს სასჯელის გამკაცრებით, იქნება ეს თავისუფლების აღკვეთა, თუ ჯარიმის ოდენობის ზრდა. ეს ტენდენციაა. დაზარალებულის, თუ დაჩაგრულის ინტერესების დაცვა ღირსეული და სასიცოცხლო საკითხია, თუმცა არანაკლები ძალისხმევა სჭირდება დამნაშავის დაცვას და ესეც ღირსეული საკითხია. სასჯელის მიზანი ადამიანის საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და იმაში ხელშეწყობაა, რომ საკუთარი შეცდომის გაცნობიერებაში დავეხმაროთ. ეს კი დიდი და მრავალმხრივი შრომაა. სასჯელის მიზანია, რომ დამნაშავედ აღიარებული ადამიანი გარკვეული „ტაიმ აუტის“ შემდეგ სრულფასოვნად დაუბრუნდეს ცხოვრებას და საზოგადოებას – იცინოს, იტიროს, ბოდიში მოიხადოს და ბოლოს და ბოლოს, მისი კუთვნილი სიცოცხლით იცხოვროს.

რას ვახვედრებთ ჩვენ სასჯელმოხდილ ადამიანებს? ადამიანებს, რომლებსაც იმთავითვე უმკაცრესად ვექცევით (დასაშვებად ვთვლით კანონის დონეზე, რომ შეგვიძლია სხვას უვადოდ აღვუკვეთოთ თავისუფლება)? შიშს, სიცივეს და სიმარტოვეს. გვეშინია მათი, რადგან არ გვჯერა, რომ შეუძლიათ შეიცვალონ და ახალი ცხოვრება დაიწყონ. ამ შიშის დამალვას ჩვენივე ცივი და გულგრილი დამოკიდებულებით ვნიღბავთ. ისინი კი რჩებიან მარტო.

იქნებ ხანდახან რეციდივის მიზეზი ჩვენშია?“

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი