ახალი ამბები

პროვოკაციების თავიდან ასარიდებლად, საზოგადოების მხრიდან თავშეკავება მნიშვნელოვანია – საგარეო დავით გარეჯზე

15 ივლისი, 2019 • 944
პროვოკაციების თავიდან ასარიდებლად, საზოგადოების მხრიდან თავშეკავება მნიშვნელოვანია – საგარეო დავით გარეჯზე

საგარეო საქმეთა სამინისტრო დავით გარეჯთან დაკავშირებით საზოგადოებას თავშეკავებისკენ მოუწოდებს, რათა სადელიმიტაციო კომისიებმა მშვიდ ვითარებაში განაგრძონ მუშაობა. ამასთან, სამინისტროში მიაჩნიათ, რომ დროულად უნდა გაგრძელდეს ექსპერტთა ჯგუფებისა და კომისიების შეხვედრები, რისთვისაც ქართული მხარე მზად არის.

“მიმდინარე წლის 14 ივლისს საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დავით გარეჯის მიმდებარე ზოლში სამწუხარო ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რომლის დროსაც მოხდა დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის.

საქართველოს შესაბამისი უწყებების მყისიერი რეაგირების შედეგად, ინციდენტი მალევე იქნა აღმოფხვრილი, ხოლო მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა.

მსგავსი ინციდენტები არ შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ დროულად უნდა გაგრძელდეს ექსპერტთა ჯგუფების და სადელიმიტაციო კომისიების შეხვედრები, რისთვისაც ქართული მხარე გამოთქვამს სრულ მზაობას.

ამასთანავე, მნიშნელოვანია საზოგადოების მხრიდან მაქსიმალურად თავშეკავება პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით. სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან სადელიმიტაციო კომისიების მშვიდ და შესაბამის გარემოში მუშაობის ხელშეწყობა კომისიების მიერ წარმატების მიღწევის წინაპირობაა”,-წერია სამინისტროს განცხადებაში.

უდაბნოს მცხოვრებლებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის გუშინ, 14 ივლისს მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, თუმცა ამ დროისთვის სიტუაცია განმუხტულია. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარმა ილარიონმა განუცხადა.

“მესაზღვრეებთან მოუვიდათ დაპირისპირება იმის გამო, რომ ისინი არ იცავენ ჰიგიენას [კელიებში]. ასევე,  ხატები შეაგროვეს და ზევით, ტაძართან ამოუტანიათ. ადგილობრივებმა ხატები ისევ უდაბნოს მონასტერში დააბრუნეს”, – განაცხადა დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარმა.

შსს-მ დავითგარეჯაში მომხდარ ინციდენტზე შესწავლა დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი