პარლამენტის წინ დასრულდა აქცია, რომელზეც უკვე 26 დღეა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, მათი პროტესტი შემდეგ დღეებში სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდება.
მათ შორის იგეგმება წიგნების გამოფენა-გაყიდვა. როგორც აქციაზე დიღმელაშვილმა თქვა, ოთხშაბათს ბუკინისტებსა და გამომცემლებს მოიწვევენ და რუსთაველზე წიგნის პატარა ფესტივალს მოაწყობენ. ამას გარდა, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ, პარასკევი დღე ელექტრონული მუსიკის წარმომადგენლებს დაუთმონ და აქციაზე მშობლები დაპატიჟონ.
აქციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ გიორგი გახარია არ გადადგება.
საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატის ოფიციალური ვიზიტის გასაპროტესტებლად თბილისში გამართული აქცია ხელისუფლებამ დაარბია. მოტივად კი დაასახელა პარლამენტში აქციის მონაწილეთა შეჭრის მცდელობა. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი.
დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. “ოცნებამ” ასევე დააკმაყოფილა აქციის კიდევ ერთი მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით, რისი მთავარი მიზეზიც აქციის დარბევაა.








