პოლიციის განმარტებით, სასაფლაოს ადგილი შეიძლება დანაღმული იყოს, ამიტომაც შემთხვევის ადგილას მისულ ადამიანებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
შემთხვევის ადგილას კრიმინალისტები მუშაობენ, გარდაცვლილი ვაზაგაშვილის ცხედარი პროზექტურაში ჯერ არ გადაუსვენებიათ. შემთხვევის ადგილას არიან იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებიც.
2006 წელს მოკლული ახალგაზრდის მამა იური ვაზაგაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში ითხოვდა შვილის საქმის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას, 20 იანვარს, დაახლოებით 13.30 საათზე შვილის საფლავზე მესაფლავეებმა აღმოაჩინეს. კასპის რაიონის ყარაფილას მცხოვრებლებმა “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ იური ვაზაგაშვილი სოფლის სასაფლაოზე დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც თავისი შვილის საფლავთან მარტო მივიდა.
სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ზურა ვაზაგაშვილის საფლავიდან აფეთქების ხმა შემოესმათ, შემდეგ კი მესაფლავეებმა დაიძახეს, რომ “იურა მოკვდა”. მათი თქმით, იური ვაზაგაშვილი გარდაცვლილი პირველად მესაფლავეებმა ნახეს. აფეთქების ხმა კი ერთხელ გაისმა. სასაფლაოსთან შეკრებილი მოსახლეობის თქმით, პოლიციამ გორში დაკითხვაზე წაიყვანა 2 მესაფლავე და 3 ადგილობრივი მცხოვრები.
“ნეტგაზეთისთვის” კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გახდა ცნობილი – ზურა ვაზაგაშვილის საფლავიდან 10 მეტრში პოლიცია 24 საათის განმავლობაში პატრულირებს, რადგანაც სასაფლაოდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვარი. ჯერჯერობით უცნობია, გამოძიება აწარმოებს თუ არა იმ პოლიციელების დაკითხვას, რომლებიც შემთხვევის დროს პატრულირებდნენ.
პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.