ახალი ამბები

წულუკიანი ვაზაგაშვილზე: ვინც ეს ჩაიდინა, შესაბამისი ორგანოები მიაგებენ უმკაცრეს პასუხს

20 იანვარი, 2015 •
წულუკიანი ვაზაგაშვილზე: ვინც ეს ჩაიდინა, შესაბამისი ორგანოები მიაგებენ უმკაცრეს პასუხს

“ბატონი იური ყოველთვის, ოპოზიციაში ყოფნის დროს, იყო ჩემი ერთ-ერთი ერთგული მეგობარი, მრჩეველი, მებრძოლი და მედგარი ადამიანი. მათ, ვინც ეს ჩაიდინეს, რა თქმა უნდა, შესაბამისი ორგანოები მიაგებენ უმკაცრეს პასუხს. რაც შეეხება ჩემი მხრიდან, მინდა დავპირდე, რომ სტრასბურგში იური ვაზაგაშვილის მიერ დაწყებული საქმე მივა ბოლომდე. დიახ, იუსტიციის სახლის წინ მემორიალი იქნება იქ, სადაც დგას. და როგორც ჩემთვის ცნობილია, თუმცა პროკურატურა ამაზე თავად ისაუბრებს, იური ვაზაგაშვილის შვილის გამოძიების საქმე კარგ გზაზე დგას და შეიძლება მალე შედეგიც დაიდოს და ეს შედეგი დაიდება”,- განაცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში შვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილი ნაღმის აფეთქების შედეგად გადაიცვალა.

 

2006 წლის 2 მაისს თბილისში, ”დინამოს” ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, იქ, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლი მდებარეობს, სამართალდამცავებმა სპეცოპერაციისას ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს.

 

მაშინდელი გამოძიების ცნობით, სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები დაიღუპნენ, რასაც მაშინვე მოჰყვა საზოგადოების ნაწილის პროტესტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციელებმა უდანაშაულო ახალგაზრდები მოკლეს.

 

ზურაბ ვაზაგაშვილის მამა  იური ვაზაგაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან მისი შვილის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა, ამ მოთხოვნით 2013 წელს იუსტიციის სახლის წინ აქციაც გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი