მისივე თქმით, როგორც სანდრო გირგვლიანის დედამ ირინა ენუქიძემ აჩვენა დედობის მაგალითი, ასევე ზურა ვაზაგაშვილის მამამ იური ვაზაგაშვილმა აჩვენ მამობის მაგალითი:
“თუ ეს არის დანაშაული, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ამ გრძნობების შებღალვა და შეურაცხყოფაა”.
შალვა შავგულიძის თქმითვე, ასეთ დროსა და ვითარებაში იური ვაზაგაშვილის დაღუპვა კითხვებს ბადებს:
“როდესაც მამა იბრძოდა დაედგინა სიმართლე მისი შვილის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით, კანონიერად იყო ლიკვიდირებული, თუ იყო მოკლული უკანონოდ და ასეთ დროს ასეთი საზარელი დანაშაული ხდება, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს დანაშაული ჩაიდინეს იგივე პირებმა, რომელთაც ჰქონდათ ჩადენილი დანაშაული მისი შვილის მიმართ. მე იმედი მაქვს ეფექტური და სწრაფი გამოძიების”, – განაცხადა პარლამენტარმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში შვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილი ნაღმის აფეთქების შედეგად გადაიცვალა.
2006 წლის 2 მაისს თბილისში, ”დინამოს” ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, იქ, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლი მდებარეობს, სამართალდამცავებმა სპეცოპერაციისას ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს.
მაშინდელი გამოძიების ცნობით, სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები დაიღუპნენ, რასაც მაშინვე მოჰყვა საზოგადოების ნაწილის პროტესტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციელებმა უდანაშაულო ახალგაზრდები მოკლეს.
ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან მისი შვილის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა, ამ მოთხოვნით 2013 წელს იუსტიციის სახლის წინ აქციაც გაიმართა.