დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადაწყდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა აქციები მაინც არ წყდება და მინისტრი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გრძელდება.
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე ამბობს, რომ 20-21 ივნისს დაშავდნენ აგრესიული მომიტინგეები, რომლებიც პოლიციას თავს ესხმოდნენ. მისი თქმით, მშვიდობიანი მომიტინგე, ძირითადად, არ დაშავებულა, “თუმცა, რა თქმა უნდა, როცა ასეთი რამ ხდება, ვინმე დაშავდება კიდეც”.
“სამწუხაროა, რომ პოლიცია იძულებული გახდა, გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები. არცერთი პოლიტიკოსი იქ არ დარჩენილა, მიატოვეს იქაურობა. რეალურად, დარჩა აგრესიული, ეგზალტირებული მასა, რომელიც თავს ესხმოდა პოლიციას და დაშავდნენ ისინი, ვინც პოლიციას თავს ესხმოდნენ”, – განაცხადა საბანაძემ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.
“მშვიდობიანი მომიტინგე, ძირითადად, არ დაშავებულა, თუმცა, რა თქმა უნდა, როცა ასეთი რამ ხდება, ვინმე დაშავდება კიდეც. მასაში ვერ გაარჩევ, ვინ არის მოძალადე და ვინ მშვიდობიანი მომიტინგე. წესით, იმ ღამეს იქ მშვიდობიანი მომიტინგის ადგილი აღარ იყო, რადგან ჩვენ განვაცხადეთ, რომ იწყებოდა კანონისმიერი ზომების მიღება. როცა გამოვიდა წყლის ჭავლის მანქანა, იქ მშვიდობიანი მომიტინგეები არ უნდა დარჩენილიყვნენ. რაც შეეხება ჟურნალისტებს, კი, დაშავდნენ, მაგრამ მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედება არ ყოფილა. როცა იწყებ აქციის დაშლას, ვერ გამორიცხავ, წყლის ჭავლი მოხვდება თუ არა ჟურნალისტს”, – განაცხადა საბანაძემ.
მისი თქმით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა მიზანმიმართულად არ მომხდარა.
“როცა აქციის დაშლა იწყება, ხშირად შეუძლებელია გამიჯნო ჟურნალისტი მომიტინგეებისგან, როცა ის ექცევა საერთო მასაში. ამ პროცესს, ბუნებრივია, ახლავს დისკომფორტი, არასასურველი შედეგი და რისკები, ამისგან დაზღვეული არავინ ვართ. ჩვენ არ დაგვირბევია მშვიდობიანი მიტინგი, როგორც მავანს ამის თქმა სურს”, – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.