ახალი ამბები

არჩილ თალაკვაძე პირველი ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

15 ივლისი, 2019 • 995
არჩილ თალაკვაძე პირველი ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, 15-20 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში თალაკვაძე აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და დემოკრატიისთვის ბრძოლაში პარლამენტის წევრების როლზე ისაუბრებს.

ფორუმში მონაწილეობის პარალელურად, არჩილ თალაკვაძე შეხვედრებს გამართავს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ პრაისთან, კონგრესისა და სენატის წევრებთან, სახელმწიფო მდივნის მოქმედ თანაშემწე ფილიპ რიკერთან, ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტ დეიმონ უილსონთან, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელ მარკ გრინთან და ექსპერტებთან.

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე შედიან.

ვიზიტის ფარგლებში თამარ ჩუგოშვილი და სერგი კაპანაძე კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას და ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი