
როგორც ნეტგაზეთს აქციის ერთ-ერთმა მონაწილე მურად ალდამოვმა განუცხადა, ღონისძიებაში დაახლოებით 1000-მდე ადამიანი მონაწილოებდა, ხოლო აქციის დაწყების დრო მეჩეთებში გამოცხადდა. მისივე თქმით, მუსლიმმა მოსახლეობამ თავისი აღშფოთება გამოხატა მუჰამადის კარიკატურების გამო:
“იუმორთან ჩვენ შორს არ ვართ, მაგრამ ასეთ სიწმინდეებთან შეხება დაუშვებელია. ჩვენ მოციქული მუჰამედი ოჯახის წევრებზე უფრო მეტად გვიყვარს”.
რაც შეეხება იმას, გაემიჯნენ თუ არა აქციის მონაწილეები შარლი ებდოს რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმას, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა, იგი პასუხობს, რომ ადამიანების მკვლელობას ვერ გაამართლებ და მსგავსი განცხადებები აქციაზე არ გაკეთებულა, თუმცა იყო მოწოდება, რომ რელიგიურ თემებს ადამიანები სიფრთხილით მოეკიდონ. მისივე თქმით, ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, შესაბამის უწყებებს, რომ თავის დროზე სათანადოდ ემოქმედათ და მუჰამადის შეურაცხმყოფელი კარიკატურების გამოქვეყნება არ დაეშვათ.
ანალოგიური აქცია დღეს გროზნოშიც გაიმართა, სადაც გარდიანის ინფორმაციით ათიათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში, ხოლო ბი-ბი-სის ინფორმაციით, 300 ათასზე მეტი. გროზნოს მიტინგზე სიტყვით ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც, გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ ისინი მუჰამადის შეურაცხყოფას არ დაუშვებენ.

7 იანვარს პარიზში თავს დაესხნენ სატირულ გამოცემა “შარლი ებდოს” ოფისს, რის შედეგადაც გარადაიცვალა 12 ადამიანი, ხოლო რამდენიმე დაშავდა.