ახალი ამბები

აშშ ფეისბუქს $5 მილიარდით დააჯარიმებს – მედია

13 ივლისი, 2019 • 1320
აშშ ფეისბუქს $5 მილიარდით დააჯარიმებს – მედია

აშშ-ის მარეგულირებელი უწყება სოციალურ ქსელ “ფეისბუქს” 5 მილიარდი დოლარით აჯარიმებს. ამის შესახებ BBC ამერიკულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით წერს.

ტელეარხის თანახმად, საქმე ეხება გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომიტეტი სწავლობდა, მიიღო თუ არა უკანონოდ ბრიტანულმა საკონსულტაციო კომპანია “კემბრიჯ ანალიტიკამ” “ფეისბუქისგან” 87 მილიონი მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია.

მედიის ცნობით, კომპანიისათვის კოლოსალური ჯარიმის დაკისრებას კომიტეტის სამმა წევრმა მხარი დაუჭირა, ორი კი წინააღმდეგ წავიდა. აღნიშნულს ახლა იუსტიციის დეპარტამენტის თანხმობა სჭირდება.

ჯერჯერობით, ოფიციალურ კომენტარს არც ფედერალური უწყება და არც “ფეისბუქის” ადმინისტრაცია აკეთებს.

“კემბრიჯ ანალიტიკა” ლონდონში რეგისტრირებული პოლიტიკური საკონსულტაციო ფირმა იყო, რომელსაც “ფეისბუქის” ათობით მილიონი მომხმარებლის პირად ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა. სავარაუდოდ, ამ ინფორმაციის ნაწილს ის აშშ-ის 2016 წლის არჩევნების წინ იყენებდა, მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის, სასარგებლოდ. აღნიშნულ მასალას კომპანია “ფეისბუქზე” მოქმედი რიგი აპლიკაციების მეშვეობით იღებდა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი