ახალი ამბები

გაქრეს საქართველოდან და გვარი გადაიკეთოს – რას ითხოვენ გვარამიასგან აქციის მონაწილეები

12 ივლისი, 2019 •
გაქრეს საქართველოდან და გვარი გადაიკეთოს – რას ითხოვენ გვარამიასგან აქციის მონაწილეები

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობასთან, სანდრო ეულის ქუჩაზე, რამდენიმე ათეული ადამიანი დღეს, 12 ივლისს მივიდა, რომელიც ტელეარხის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას აპროტესტებს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი კახეთიდან ჩამოსული მევენახეები არიან.

“ჩვენ კახეთიდან იმიტომ ვართ ჩამოსულები, რომ ჩვენ არც არეულობა გვინდა. კახეთისნაირი გემრიელი და დამშვიდებული ხალხი თუ რომელიმე კუთხეში გეგულებათ, საერთოდ გავჩერდებით. მოთმინებასაც თავისი საზღვარი აქვს. იქამდე წავიდა უკვე საქმე, ღვინოში ჩაგვიფსეს უკვე ხალხნო, რითაც ჩვენ ვცოცხლობთ. რას ვითხოვთ? ვითხოვთ, საერთოდ გაქრეს საქართველოდან და გვარი გადაიკეთოს”, – უთხრა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ . აქციის მონაწილეთა ნაწილი გვარამიასგან ბოდიშის მოხდასაც ითხოვს. აქციაზე ისმის გინება და უცენზურო გამონათქვამები როგორც ნიკა გვარამიას, ისე ტელეარხის სხვა წარმომადგენლების მიმართ.

აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა ნიკა გვარამიას განცხადება რუსთავი 2-ის ეთერში. მან უცენზუროდ მოიხსენია ხელისუფლება და ის ადამიანები, რომლებიც ღვინოს რუსეთში ყიდიან.

თავად ნიკა გვარამია ხელისუფლებისგან მართულად მიიჩნევს რუსთავი 2-თან შეკრებილ მეღვინეებს.

“მოდიან სახელისუფლებო მეღვინეები რ2-ის წინ საპროტესტოდ! ყოჩაღ ქართული სულის დამცველებო, ბიძინას მსახურებაში არ ამოგხდეთ ეგ სული, ოღონდ!”, – წერს ნიკა გვარამია პირად ფეისბუკ-გვერდზე და იმეორებს იგივე უცენზურო მიმართვას, რაც ტელეეთერით გაავრცელა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი