საპატრიარქო პუტინზე: ისტორიის ასეთი დამახინჯება კონფლიქტის გაღრმავებას უწყობს ხელს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ვლადიმერ პუტინის 9 ივლისის განცხადებას აფასებს. საპატრიარქოს განცხადებით, პუტინის მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არცთუ ისე შორეული წარსულის არასწორმა ინტერპრეტაციამ ქართველ ხალხში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ისტორიული ფაქტების ამგვარი დამახინჯება არსებული კონფლიქტების გაღრმავებას უწყობს ხელს.

“მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება ერთგვარ გამოწვევად უნდა იქცეს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი მეცნიერებისა და თითოეული ჩვენგანისათვის და განხორციელდეს სწრაფი რეაგირება, რათა როგორც ჩვენი ქვეყნის ზოგადი ისტორიის, ისე მისი ცალკეული ეტაპების შესახებ არსებული სამეცნიერო გამოკვლევები და პოპულარული ენით დაწერილი მასალაც მსოფლიოში გასავრცელებლად კვალიფიციურად შეირჩეს და დროულად ითარგმნოს ინგლისურ, რუსულ და სხვა უცხო ენებზე. ამ პროცესში კი ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება.

ასევე, აუცილებელია დაინტერესებულ მხარეებთან დისკუსიები პრობლემურ საკითხებზე. საქართველოს საპატრიარქო მზად არის, ისტორიულ რეალობებზე მსჯელობისათვის კონფერენციებისა და შეხვედრების მოწყობაში ყველა მხარეს შეუწყოს ხელი”, – აცხადებენ საპატრიარქოში.

პუტინი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და გენოციდში ადანაშაულებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.