ახალი ამბები

გახარიას 10 ტყუილი 20 ივნისის მოვლენებზე – დეკანოიძე

12 ივლისი, 2019 • 2611
გახარიას 10 ტყუილი 20 ივნისის მოვლენებზე – დეკანოიძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ტვ პირველის ეთერში შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მინიმუმ 10-ჯერ იცრუა, რისი მიზანიცაა “ჯერ პოლიტიკური, ხოლო ახლო მომავალში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება”.

ყუილი #1

  • გახარიამ პასუხისმგებლობა დააკისრა ოპოზიციას გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, წინა რამდენიმე კვირის მანძილზე ოპოზიცია ძალიან მკვეთრად და ხმამაღლა ამბობდა, რომ საქართველოში იგეგმებოდა სერგეი გავრილოვის ჩამოსვლა, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შესახებ და მონაწილეობას იღებდა აფხაზეთის საომარ მოქმედებებში.

დეკანოიძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა რამდენიმე ბრიფინგი ჩაატარეს ამ საკითხზე და მოუწოდეს შსს-ს და სუს-ს, არ დაეშვათ სერგეი გავრილოვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა. მიუხედავად ამისა, მისი თქმით, გიორგი გახარიამ გასცა ბრძანება, რომ გავრილოვი საქართველოში შემოეშვათ.

ტყუილი #2

  • გახარია ამბობს, რომ მას არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი საქართველოს ტერიტორიაზე გავრილოვის შემოშვების.

როგორც ხატია დეკანოიძე ამბობს, საქართველოს კანონმდებლობა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების არდაშვებას საქართველოს ტერიტორიაზე.

დეკანოიძეს მაგალითად მოჰყავს უკრაინის მოქალაქეების საქართველოში არშემოშვების ფაქტები, რის შესახებაც ბრძანება, მისი თქმით, სწორედ გიორგი გახარიამ გასცა. დეკანოიძის თქმით, ასევე, მიმდინარე წლების განმავლობაში საქართველოში არ დაუშვეს არაერთი უცხო ქვეყნის წარმომადგენელი.

ტყუილი #3

  • გახარია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოახდინა მყისიერი რეაგირება აქციის მოთხოვნებთან დაკავშირებით.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, აქციის მოთხოვნა იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა, რომელიც არ გადადგა 20 ივნისს და არც აპირებდა ამას, როგორც თავად განუცხადა ტელეიმედს. ირაკლი კობახიძემ თანამდებობა აქციის დარბევიდან მეორე დღეს დატოვა.

ტყუილი #4

  • გახარია ამბობს, რომ იგეგმებოდა გადატრიალება.

დეკანოიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია 20 ივნისს, როდესაც გაიღვიძეს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იხილეს წამოსკუპებული გავრილოვი. მისი თქმით, სწორედ ამის შემდეგ, საღამოს, პარლამენტის წინ შეიკრიბნენ აღშფოთებული საქართველოს მოქალაქეები.

ტყუილი #5

  • გახარია ამბობს, რომ აქციის მონაწილეები რამდენჯერმე გააფრთხილეს სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ და ეს გაფრთხილება იყო აღბეჭდილი რამდენიმე ტელევიზიის ტელეკამერის მიერ.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, როდესაც პოლიციამ გააფრთხილა აქციის მონაწილეები დაშლის წინ სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ, რასაც ითვალისწინებს პოლიციის შესახებ კანონი:

“პოლიციას უნდა გაეფრთხილებინა აქციის მონაწილეები. მათ შორის, შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რამდენიმე წუთით ადრე განაცხადა, რომ არანაირ სპეციალურ საშუალებას არ გამოიყენებდნენ. ასევე, შეგახსენებთ თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, როდესაც მან თქვა, რომ პოლიციამ აქციის მონაწილეები არ გააფრთხილა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ ჰქონდათ შეტყობინება მშვიდობიანი აქციის გამართვის თაობაზე”.

როგორც დეკანოიძე აცხადებს, გიორგი გახარიას ეს მოქმედება, ანუ გაუფრთხილებლობა სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის III ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

ტყუილი #6

  • გახარია ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილს არ უნდოდა მოლაპარაკების გამართვა.

ხატია დეკანოიძე მიუთითებს ნიკა მელიას მიერ 10 ივლისს გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც, მისი თქმით, ძალიან კარგად ჩანს, რომ ოპოზიციის ლიდერები მზად იყვნენ მოლაპარაკებებზე შესასვლელად.

დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიციის ლიდერები პოლიციის კორდონის წინ იდგნენ და სწორედ ამ წუთების განმავლობაში გახსნა პოლიციამ ცეცხლი – გამოიყენა მხუთავი გაზი და სხვადასხვა საშუალებები.

ტყუილი #7

  • გახარია ამბობს, რომ ძალის გამოყენება იყო აუცილებელი მოგერიება.

ხატია დეკანოიძე გახარიას სტატისტიკით პასუხობს – ამ აქციის დარბევისას დაშავებულია 300-მდე მოქალაქე [შსს-ს ინფორმაციით, 80 პოლიციელი] და 38 ჟურნალისტი:

“მინდა გავახსენო საზოგადოებას ის ახალგაზრდები, რომლებმაც დაკარგეს მხედველობა. გავახსენო საზოგადოებას, რომ პოლიცია დამამცირებლად ექცეოდა და დასდევდა ადამიანებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ძალიან შორს – მელიქიშვილზე, ჭავჭავაძეზე და ა.შ. ადამიანებს აგდებდნენ ავტოფარეხის სახურავებიდან. მინდა ვუთხრა გახარიას და მის მოადგილეს, რომ ეს არ ყოფილა არავითარი აუცილებელი მოგერიება, რადგან მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დასახიჩრდნენ”.

ტყუილი #8

  • გახარია ამბობსს, რომ დიდი პლასტმასის ნარინჯისფერი ტყვიები პოლიციის შესახებ კანონში წერია სპეციალურ საშუალებად.

დეკანოიძის განცხადებით, ეს არის უტიფარი და დანაშაულებრივი ტყუილი, რადგან პოლიციის შესახებ კანონი ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ იმ სპეციალური საშუალებების გამოყენებას, რომელსაც არ შეუძლია ადამიანებს მიაყენოს მძიმე ფიზიკური დაზიანება და დასახიჩრება:

“ამიტომ ნარინჯისფერი ტყვიები, რომლებმაც გამოიწვია კიდურების მოტეხვა, არ არის გათვალისწინებული და დაშვებული საქართველოს კანონმდებლობით”.

ტყუილი #9

  • გახარია ამბობს, რომ დაისჯება ყველა ადამიანი, რომელმაც იძალადა საქართველოს მოქალაქეებზე.

ხატია დეკანოიძის თქმით, აქციის დარბევიდან გავიდა 3 კვირაზე მეტი და შსს-ს არცერთ თანამშრომელს არ აქვს ბრალი წარდგენილი იმ დანაშაულების გამო, რომლებიც მათ ჩაიდინეს. მისი თქმით, მხოლოდ ერთ პირს შეუჩერეს უფლებამოსილება.

ტყუილი #10

  • გახარია ამბობს, რომ გავრილოვის ღამეს იგი პარლამენტის შენობიდან ელჩებთან ერთად აკვირდებოდა მოვლენათა განვითარებას და ძალადობას საქართველოს მოქალაქეებზე.

ხატია დეკანოიძე აღნიშნავს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების დღევანდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ ელჩები პარლამენტის შენობაში არ ყოფილან:

“უფრო მეტიც, ძალიან ბევრი ელჩი ამბობდა, რომ ისინი საერთოდ არ ყოფილან საქართველოში გავრილოვის ღამეს, კერძოდ, 20 ივნისს.

გიორგი გახარიას გუშინდელი ტყუილები იყო ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ თვალში ნაცრის შეყრა და დამცირება. ამ ტყუილებს მხოლოდ ის მიზანი აქვს, რომ გახარიამ აირიდოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ახლა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც, რომლის დროც აუცილებლად დადგება”.


  • იხილეთ ასევე:

3 ტყუილი, რაც გიორგი გახარიამ თქვა – სერგი კაპანაძე


რა მოხდა

19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით, რისი მთავარი მიზეზიც აქციის დარბევაა. პროტესტის დაწყებიდან შემდეგ, “ოცნებაში“ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი