ახალი ამბები

3 ტყუილი, რაც გიორგი გახარიამ თქვა – სერგი კაპანაძე

12 ივლისი, 2019 •
3 ტყუილი, რაც გიორგი გახარიამ თქვა – სერგი კაპანაძე

“ევროპული საქართველოს” დეპუტატი სერგი კაპანაძე გიორგი გახარიას გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება. კაპანაძე სამ საკითხს გამოყოფს, რომელზეც, მისი თქმით, მინისტრმა იცრუა:

“1. ხმით გავაფრთხილეთო პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხი გაზის გამოყენებამდეო. ტყუილია!

პოლიციის შესახებ კანონის 31-ე მუხლის მე-3 მუხლის მიხედვით პოლიციელი ვალდებულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. ეს მუხლი არის პირდაპირ დარღვეული.

2. ოპოზიციამ წინასწარ იცოდა გავრილოვის ვიზიტის შესახებ და დაგეგმა არეულობა და ჩამოსვლამდე ხმა არ ამოუღიაო.
ჩვეულებრივი ტყუილია. ორჯერ გააფრთხილეს ბრიფინგით კანდელაკმა და ბოკერიამ, რომ არ შემოეშვათ ქვეყანაში! ორივეჯერ დამცინავად გვიპასუხეს!

3. უფლება არ გვქონდა, გავრილოვი არ შემოგვეშვაო. სამარცხვინო განცხადებაა. ნებისმიერი ადამიანი შეუძლია მიაბრუნოს საზღვრიდან შსს-მ. საერთოდ არ სჭირდება ახსნა! ეს უცბად რაც მოვისმინე! სამარცხვინო მატყუარა მინისტრი”, – ამბობს კაპანაძე.


რა მოხდა

19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით, რისი მთავარი მიზეზიც აქციის დარბევაა. პროტესტის დაწყებიდან შემდეგ, “ოცნებაში“ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი