გავრცელებული დოკუმენტების მიხედვით, 2014 წლის 26 ივნისს შვეიცარიის საელჩოს გავლით გაგზავნილი ნოტით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საგარეო უწყებას მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენას სთავაზობს. ნოტაში წერია, რომ რუსული მხარე რეისების შესრულების უფლებას აძლევს ავიაკომპანიას “აეროპფლოტი რუსული ავიახაზები”, რომელიც კვირაში 14 რეისს შეასრულებს.
ოფიციალურ დოკუმენტს საქართველოს საგარეო უწყება 2014 წლის 8 ივლისის ნოტით პასუხობს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის მისაღებია რუსეთის ხელისუფლების წინადადება რეგულარულ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით და გამოთქვამს თანხმობას, რომ მიმოსვლა აღდგეს რუსეთის 2014 წლის 26 ივნისის ნოტაში ჩამოყალიბებული პირობების შესაბამისად.
ნაციონალურმა მოძრაობამ 16 იანვარს გაავრცელა ასევე დოკუმენტი, რომელიც 2014 წლის 18 სექტემბრით თარიღდება და სადაც რუსული ავიაკომპანიები და მათ მიერ შესასრულებელი ავიარეისების რაოდენობაა ჩამოწერილი.
ნაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ აღნიშნულ ნოტაში რუსეთის მხარე საქართველოს ისეთ პირობებს სთავაზობს, რომლების საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.
“ჩვენი აზრით, ყოვლად დაუშვებელია რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა იმ პირობებით, რომელსაც რუსეთი ახვევს თავს საქართველოს. თუ ეს შეთანხმება განხორციელდება, მაღალი ალბათობით, რუსული, მათ შორის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული და პირადად პუტინის ავიაკომპანიები საქართველოს ბაზარზე შემოვლენ დემპინგური ფასებით, რაც გამოიწვევს ქართული საავიაციო ბაზრის მთლიანად მიბმას რუსეთზე და ქვეყნიდან განდევნის სხვა უცხოურ გადამზიდავებს. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, არსებული მგზავრთა ნაკადის მოცულობის პირობებში, გაუგებარია, რაში სჭირდება რუსეთს 12 ავიაკომპანიის შემოყვანა ქართულ ბაზარზე”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით ნეტგაზეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და ჰკითხა, არის თუ არა ავთენტური გავრცელებული დოკუმენტი, რაზეც “ნეტგაზეთს” კონკრეტული პასუხი არ მიუღია.
საგარეო უწყებაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ამ შემთხვევაში სამინისტრო მხოლოდ კომუნიკატორის როლს ასრულებდა.
“რაც შეეხება თავად ამ ნოტების შინაარსს და მის არსობრივ მხარეს, რაღაც შეთანხმებებს და ასე შემდეგ, ამის კომპეტენცია საგარეო უწყებას არა აქვს“, – აცხადებენ უწყებაში.