“საპარტნიორო ფონდი” TI-ის კვლევის საპასუხოდ აცხადებს, რომ პროექტების მომზადებისას ხელმძღვანელობენ მხოლოდ საფინანსო მაჩვენებლებითა და ბიზნესმოდელის შეფასებით. ფონდში აცხადებენ, რომ პარტნიორების სხვა დამოუკიდებელ საქმიანობას პროექტებთან კავშირი არ აქვს, შესაბამისად, კვლევაში შესაძლო კორუფციაზე საუბარი უსაფუძვლოა.
“კვლევაში ფონდის მიმართ გარკვეულ პროექტებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების პასუხად განვმარტავთ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ პარტნიორების შერჩევისას და პროექტების მომზადებისას ხელმძღვანელობს მხოლოდ პროექტის საფინანსო მაჩვენებლებისა და ბიზნესმოდელის შეფასებიდან გამომდინარე. გადაწყვეტილებები სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით მიიღება. რაც შეეხება ჩვენი პარტნიორების სხვა დამოუკიდებელ საქმიანობას, მას ფონდის პროექტებთან კავშირი არ აქვს. ფონდი მოქმედებს თავისი მანდატიდან გამომდინარე, შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებში. ამგვარად, მიგვაჩნია, რომ შესაძლო კორუფციასთან დაკავშირებით კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები უსაფუძვლოა.
კვლევაში ნახსენებია ფონდის რამდენიმე წარმატებული პროექტი, კერძოდ: კასპში ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების ქარხნის პროექტი, რომელშიც მონაწილეობს 100-წლიანი გამოცდილების მქონე ესპანური კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტე“. ესპანური კომპანია საუკუნეზე მეტია მსოფლიო ბაზარზე წარმატებულად საქმიანობს.
რაჭაში „ღორების სანაშენე ფერმის“ პროექტი, რომელშიც მონაწილეობს მსოფლიოში უმსხვილესი ხორცპროდუქტებისა და ცნობილი „ჰამონის“ მწარმოებელი ესპანური კომპანია, „Deraza Iberico“-ს აქციონერების მიერ დაფუძნებული „Native Georgian“.
მაღალი ენერგოეფექტური სამშენებლო გაზო-ბლოკების საწარმო „Ytong“ -ის პროექტი, რომელშიც მონაწილეობს ქართული კომპანია „არქი ჯგუფი“ და გერმანული კომპანია „ქსელა გრუპი“. პროექტზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო. პარტნიორთა შეთანხმება 2016 წლის 14 ივნისს შედგა.
როგორც ზემოთ აღნიშნულიდან ჩანს, საუბარია „საპარტნიორო ფონდის“ იმ პროექტებზე, რომელთა პარტნიორები მაღალი რეპუტაციითა და მსოფლიო ბაზრებზე მრავაწლიანი წარმატებული სქმიანობით გამოირჩევიან”, – წერია განცხადებაში.
გუშინ, 11 ივლისს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც საპარტნიორო ფონდის საქმიანობას ეხება, წერია, რომ რამდენიმე პროექტი შესაძლო კორუფციის კუთხით გარკვეულ კითხვებს აჩენს.
საუბარია ორ პროექტზე, ქართული სანაშენე ღორის ფერმასა და კერამიკული აგურის ქარხანაზე, რომელებსაც TI-ის ცნობით, საერთო ბენეფიციარი ჰყავს. ვასილ ბაბლუანი ორივე პროექტში მონაწილე კომპანიებში ფლობს წილს ამ ორი პროექტის ბენეფიციარ კომპანიებთან სხვადასხვა გზით დაკავშირებულმა პირებმა 2013-2018 წლებში „ქართულ ოცნებასა” და სალომე ზურაბიშვილს, ჯამში, 200 000 ლარამდე შესწირეს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციითვე, „საპარტნირო ფონდის” მიერ დაფინანსებული პროექტი შპს „იტონგ კავკასუსი“ ქართული ოცნების” წევრთან, ივლიანე წულაიასთან არის დაკავშირებული. კვლევის თანახმად, წულაია და მისი ბიზნესპარტნიორები სახელისუფლებო პოლიტიკური ჯგუფის მსხვილი დონორები არიან. კერძოდ, 2016-2018 წლებში „ქართულ ოცნებასა” და სალომე ზურაბიშვილს, ჯამში, 700 000 ლარზე მეტი შესწირეს.
რაც შეეხება ფონდის ერთ-ერთ დასრულებულ პროექტს, Radisson Collection-ის სასტუმროს წინანდალში. ამ სასტუმროს მშენებელი კომპანია „სილქ როუდ“ ჯგუფია (Silk Road Group S.A.), რომელი ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული.
აქედან გამომდინარე, TI-ში მიიჩნევენ, რომ უმჯობესი იქნება, თუ კანონის დონეზე აიკრძალება „საპარტნიორო ფონდის” სახსრების ისეთ იურიდიულ პირებზე გაცემა, რომლებიც რეგისტრირებული არიან ოფშორულ ზონაში, ასევე, იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
სახელმწიფო ფონდის ინფორმაციით, მათი უშუალო კონტრაქტორი საქართველოში რეგისტრირებული კომპანიაა. რაც შეეხება ზოგადად ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიებს, საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, რომ ასეთ კომპანიებთან თანამშრომლობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხდება.
“კვლევაში, ასევე, საუბარია წარმატებული პროექტ წინანდლის სასტუმრო Radisson Colletion-ის განმახორციელებელი კომპანიის „ სილქ როუდ ჯგუფის“ ოფშორთან კავშირის შესახებ. განვმარტავთ, რომ ურთიერთთანამშრომლობის მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია და „საპარტნიორო ფონდი“ ამ შემთხვევაშიც ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს. ფონდის კნტრაქტორი ამ შემთხვევაში „სილქ როუდ ჯგუფის“ მიერ საქართველოში რეგისტრირებული შვილობილი კომპანიაა.
რაც შეეხება კვლევაში აღნიშნულ რეკომენდაციებს, „საპარტნიორო ფონდის“ სტრუქტურულ ცვლილებებსა და დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით, როგორც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციასა და ფონდის დაფინანსების ალტერნატიული წყაროების აუცილებლობაზე ფონდის ხელმძღვანელობის მხრიდან არაერთხელ იქნა გაჟღერებული, როგორც მედია საშუალებებით, ასევე, სხვადასხვა დონის შეხვედრზე , მათ შორის, ბიზნეს წრეებთან და საქართველოს პარლამენტში. ფონდი მზად არის, დაინტერესებულ ჯგუფებთან აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები მომავალშიც გამართოს,”წერია ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპარტნიორო ფონდის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა, რომლის შემოსავლის ძირითად წყაროს სახელმწიფო საწარმოებისგან მიღებული დივიდენდები წარმოადგენს.