ახალი ამბები

ეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილს თავისუფლების ორდენი გადაეცა

16 იანვარი, 2015 •
ეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილს თავისუფლების ორდენი გადაეცა

მალხაზ სონღულაშვილს ორდენი “მშვიდობის შენებისა და რელიგიათა შორის ურთიერთპატივისცემის დამკვდრების საქმეში მისი მრავალმხრივი მოღვაწეობისთვის გადაეცა.

 

დაჯილდოვების ცერემონია ბერლინში შედგა. ეპისკოპოსს ჯილდო გერმანიის მთავრობის მინისტრმა ჰერმან გროჰემ გადასცა. ცერემონიას ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის დიპლომატიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

მალხაზ სონღულაშვილი თავისუფლების ორდენის მეხუთე მფლობელია. ორდენი პირველად 2011 წელს მიენიჭა პაკისტანელ პოლიტიკოსსა და მოღვაწეს შაჰბეზ ბჰათის. საპატიო ორდენის მფლობელები არიან ასევე დოქტორი ჰანი ჰანა, ეგვიპტის სიძველეების მცველი და “არაბული გაზაფხულის” მონაწილე, ანგ სან სუუ ჩი – ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში და რომის პაპი ფრანცისკე.


მალხაზ სონღულაშვილი
მალხაზ სონღულაშვილი


 

მეუფე მალხაზ სონღულაშვილს ჯილდო ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა მიულოცა.


“მე ვულოცავ ჩემს მეგობარს, მეუფე მალხაზს, ამ მაღალ ჯილდოს და ასევე იმათ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. იგი იმსახურებს ამას იმ საქმისთვის, რომელსაც ეწევა, იქნება ეს მუსლიმების რელიგიური უფლებისა თუ ლგბტ პირების თავისუფლების დაცვა”, – განაცხადა ელჩმა.


ეპისკოპოსს ჯილდო წერილით მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმაც.


“ესოდენ მაღალი პატივი თქვენ მართლაც დამსახურებულად გერგოთ იმ წვლილისათვის, რომელიც ჩვენს ქვეყანასა თუ საერთაშორისო ასპარეზზე თავისუფლების, ტოლერანტობის, თანხმობისა და მშვიდობის ფასეულობათა დამკვიდრების საქმეში შეგაქვთ”, – ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.


მასალების გადაბეჭდვის წესი