ახალი ამბები

ევროკომისარი: საქართველოში ბიზნესმა უნდა ისარგებლოს ევროკავშირის რეგიონალური ინიციატივებით

16 იანვარი, 2015 • 1073
ევროკომისარი:  საქართველოში ბიზნესმა უნდა ისარგებლოს ევროკავშირის რეგიონალური ინიციატივებით

პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით ასოცირების შეთანხმების ეფექტური განხორციელებაზე, ვიზალიბერალიზაციაზე და სხვა საკითხებზე ისაუბრეს. 

 

“მე აქ ვარ არა მხოლოდ იმიტომ, რომ განგვეხილა ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების საკითხები, ასევე მაინტერესებდა, მომესმინა საქართველოს პოზიცია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით და რიგის სამიტზე,”- პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, განაცხადა იოჰანეს ჰანმა ერთობლივ კონფერენციაზე.

 

პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა და იოჰანეს ჰანმა 15 იანვარს ხელი მოაწერეს საფინანსო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც იწყება 44.5 მლნ ევროს მოცულობის ახალი პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში კერძო სექტორის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობების გაძლიერებას ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტაციის პროცესში.

 

„როცა საქმე ეხება მოქალაქეებს, ჩვენ მხარს დავუჭერთ ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას ყველასთვის. საქართველოში ბიზნესმა უნდა ისარგებლოს ევროკავშირის რეგიონალური ინიციატივებით. მცირე და საშუალო საწარმოები ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია და წარმოადგენს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელოვან შესაძლებლობას. ეკონომიკის გაძლიერება მნიშვნელოვანია, რათა მოქალაქეების კეთილდღეობის დონე ამაღლდეს“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილისა და იოჰანეს ჰანის შეხვედრისას მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ასევე აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებაზეც იმსჯელეს.

 

“ძალიან სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ საქართველოს შეუძლია იყოს და შეასრულებს უფრო გამორჩეულ როლს, როგორც დამაკავშირებელს აღმოსავლეთსა და ევროპას შორის პარტნიორებისათვის.  საქართველოს შეუძლია იყოს  არბიტრი ორ მხარეს, ორ რეგიონს შორის და ეს შესაძლოა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო როლი საქართველოსათვის მომავალში,” – განაცხადა ევროკომისარმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი