ახალი ამბები

თალაკვაძე განმარტავს, რატომ არ დაესწრო გახარია ბათუმის კონფერენციას

11 ივლისი, 2019 • 676
თალაკვაძე განმარტავს, რატომ არ დაესწრო გახარია ბათუმის კონფერენციას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მედიასთან საუბრისას განმარტავს, რატომ არ დაესწრო ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას შინაგან საქმეთა მინისტრი. მისი თქმით, გიორგი გახარიას დღეისათვის “სხვა გეგმები ჰქონდა”.

“მგონი, ცოტა უცნაური კითხვაა, როცა პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვთ განმარტებას, თუ მინისტრს როგორ შეეცვალა თავისი სამუშაო განრიგი. თუმცა, მე მაინც არ ავარიდებ თავს კითხვას და გეტყვით, რომ მას ჰქონდა სხვა გეგმები დღის მეორე ნახევარში, შესაბამისად, ვერ დაესწრო კონფერენციას”, – ასე უპასუხა მან ჟურნალისტის შეკითხვას.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას “ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრაზე უფრო მნიშვნელოვანი გეგმები”, თალაკვაძემ უპასუხა:

“ევროპელ პარტნიორებს შეხვდნენ პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრმა თუ მიიღო თავისი სამუშაო დღის წესრიგის შეცვლის გადაწყვეტილება, ეს არის მისი გადაწყვეტილება”.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თავდაპირველად ირიცხებოდა ბათუმის კონფერენციის მონაწილეთა სიაში, თუმცა შემდგომ მისი სახელი, გვარი და ფოტო ნუსხიდან ამოიღეს.

მიუხედავად გახარიას არყოფნისა, აქტივისტები ბათუმის “შერატონთან”(იქ, სადაც კონფერენცია მიმდინარეობს), მაინც შეიკრიბნენ და მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.

“გახარია წადი” – ბათუმში ევროპული გზის კონფერენციის პარალელურად აქცია მიმდინარეობს

მასალების გადაბეჭდვის წესი