ახალი ამბები

NGO-ები ბათუმის კონფერენციის მონაწილეებს სთხოვენ, პუტინის რიტორიკას მკაცრად უპასუხონ

11 ივლისი, 2019 • 942
NGO-ები ბათუმის კონფერენციის მონაწილეებს სთხოვენ, პუტინის რიტორიკას მკაცრად უპასუხონ

არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის მონაწილეებს და სთხოვენ, მკაცრი პასუხი გასცენ პუტინის იმპერიალისტურ რიტორიკას, რასთან გამკლავებასაც, მათი თქმით, საქართველოს მთავრობა ვერ ახერხებს.

ორგანიზაციები გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამენ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მნიშვნელობას:

“დღეს საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია ტარდება. ძვირფასო სტუმრებო, ვინც ეწვიეთ ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, რომელიც უკვე 200 წელია არ ურიგდება რუსულ ოკუპაციას; ქვეყანას, რომელიც სამაგალითოა რეგიონის ყველა ქვეყნისთვის! დაამტკიცა, რომ რუსეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე შეიძლება გახდეს პროგრესული და ჩაატაროს სამაგალითო რეფორმები; ქვეყანას, რომლის მიზანია იყოს უფრო მეტი, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის ერთი რიგითი სახელმწიფო.

დღეს ჩვენ ვართ რუსეთის მთავრობისა და პრეზიდენტ პუტინის აგრესიული რიტორიკის და ეკონომიკური სანქციების სამიზნე. ამასთან ერთად პრეზიდენტი პუტინი პირადად ახდენს საქართველოს ისტორიის ფალსიფიკაციას. მოვლენათა დამახინჯებით, ცრუ ნარატივის შექმნით, ცდილობს მოახდინოს ტრავმული მეხსიერების ფორმირება, რომელიც შეუძლებელს გახდის რეგიონში მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის პროცესს

ესაა მათი პასუხი საქართველოში სტუდენტების მიერ ორგანიზებულ ანტისაოკუპაციო დემონსტრაციაზე, იმაზე, რომ საქართველოში არის თავისუფალი თაობა, რომელიც დამოუკიდებელ ქვეყანაში დაიბადა და მათი ერთადერთი მიზანი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში შეყვანაა,- აცხადებენ ხელმომწერები.

NGO-ები მიიჩნევენ, რომ ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ქვეყნის პარტნიორების მკაცრი პასუხი და მხარდაჭერა საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ:

“სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობა ვერ ახერხებს ამ რიტორიკასთან გამკლავებას. უფრო მეტიც, ისინი თავისი დაბნეულობით და უმოქმედობით პანიკას თესენ ჩვენს ქვეყანაში და ცდილობენ დაამკვიდრონ მოსაზრება, რომ რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირების გარეშე, ჩვენი ქვეყანა დაიღუპება.

ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, თქვენც მკაცრი პასუხი გასცეთ პუტინის იმპერიალისტურ რიტორიკას! თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის! ჩვენ ვართ მამაცი და თავმოყვარე ხალხი! ჩვენ ზუსტად ვიცით თავისუფლების ფასი და ამიტომ მუდამ ვიბრძვით მის დასაცავად! დღეს ჩვენს გვერდით დგომა და მხარდაჭერა ნიშნავს ევროპის და ევროპული ფასეულობების დაცვას” ,- აცხადებენ NGO-ები.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საზოგადოება და ბანკები
საქართველოს გაეროს ასოციაცია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
მწვანე ალტერნატივა
ლიბერალური აკადემია თბილისი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

მასალების გადაბეჭდვის წესი