ახალი ამბები

რა თქვეს ტუსკმა და ივანიშვილმა ერთმანეთთან შეხვედრის შემდეგ

11 ივლისი, 2019 • 1403
რა თქვეს ტუსკმა და ივანიშვილმა ერთმანეთთან შეხვედრის შემდეგ

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდა. შეხვედრა ბათუმში შედგა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლისთავთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.

ივანიშვილთან საუბრის შემდეგ ტუსკმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია, ოპტიმიზმი შეინარჩუნოს მანამ, სანამ ქვეყანაში, პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად,  საზოგადოების წევრებს ერთობლივად მოქმედების ძალა შესწევთ.

“დღავანდელი შეხვედრის შემდეგ თქვენთან, ასევე ოპოზიციასთან, მთავრობასთან, პრეზიდენტთან, ვგრძნობ, რომ საქართველოს ძალიან კარგი და იმედისმომცემი მომავალი აქვს, მიუხედავად არსებული პრობლემებისა. ძალიან ღია და პირდაპირი კომენტარი გავახმიანეთ მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით… მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სანამ ხართ ერთიანი, როგორც ერი, სანამ შეგწევთ ძალა, იმოქმედოთ ერთად, მიუხედავად განსხვავებებისა და პოლიტიკური დებატისა, მანამ შეგიძლიათ, ოპტიმისტები იყოთ”, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება ივანიშვილს, რომელიც ბათუმის კონფერენციაზე არ მისულა: მან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და ევროპისაკენ მიმავალ გზას განაგრძობს.

“ზოგადად, დღევანდელი სიტუაცია, ამდენი მეგობარი, ამდენი ევროპელი და ძვირფასი სტუმარი ჩამოვიდა დღეს საქართველოში… კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ამ გზას ევროპისკენ. ჩვენი გზაა ევროატლანტიკური სივრცე, ჩვენი გზაა ევროპა და ჩვენ მტკიცედ დავიჭერთ ამ მიმართულებას. ჩვენი მეგობრების დახმარებით ჩვენ ჩავეწერებით ჩვენს ოჯახში – განვითარებული ევროპული სახელმწიფოების რიგში”,- განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.


“ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები” – წელს კონფერენცია ამ სლოგანით იმართება. ევროსაბჭოს პრეზიდენტის გარდა, კონფერენციას დაესწრებიან: ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში – ქრისტოს სტილიანიდესი, აღმოსავლეთ პარტნიორების ინიციატორი ქვეყნების – პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ეკატერინა ზაჰარიევა, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი და სხვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი