ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის ომბუდსმენი: ოჯახის მკვლელობის საქმე სომხეთმა უნდა გამოიძიოს

15 იანვარი, 2015 • 1057
სომხეთის ომბუდსმენი: ოჯახის მკვლელობის საქმე სომხეთმა უნდა გამოიძიოს

სახალხო დამცველის განცხადებით, სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზის შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე და ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობით, ავეტისიანების მკვლელობის საქმე სომხურმა მხარემ უნდა გამოიძიოს.


“ამიტომ ჩვენ ველოდებით, როგორც გუშინ სომხეთის გენერალური პროკურორი დაგვპირდა, საქმის გამოძიება მოხდება სომხეთში და ეჭვმიტანილი პასუხისმგებლობას დაექვემდებარება ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად და ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მიერ”, – განაცხადა ომბუდსმენმა.


ეჭვმიტანილი რუსი სამხედროს სომხეთისთვის გადაცემის მოთხოვნით, 13-14 იანვარს ერევანსა და გიუმრიში საპროტესტო აქციები გაიმართა.


კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, 14 იანვარს გიუმრიში გამართულ საპროტესტო აქციაზე 2 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. მოქალაქეები ჯერ რუსეთის საკონსულოსთან, შემდეგ კი 102-ე რუსულ სამხედრო ბაზასთან შეიკრიბნენ, სადაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა.


ორი დღეა საპროტესტო აქციები იმართება ერევანშიც. 14 იანვარს აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედანზე სანთლები დაანთეს, რის შემდეგაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს. ისინი მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსი სამხედროს სომხეთის სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემას, რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ქვეყნიდნ გაყვანასა და 15 იანვრის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვენ.


აქცია ერევანში; ფოტო: Кавказский узел
აქცია ერევანში; ფოტო: Кавказский узел


12 იანვარს ქალაქ გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის  ექვსი წევრი მოკლეს. ეჭვმიტანილმა, რუსეთის სამხედრო ბაზის ჯარისკაცმა, ცეცხლსასროლი იარაღით მთელი ოჯახი ამოხოცა და ახალშობილი ბავშვი დაჭრა. ახალშობილი ამ დროისთვის ერევანშია გადაყვანილი და მკურნალობა უტარდება.

 

იმავე დღეს, 12 იანვარს, რუსეთის მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ  გიუმრიში მომხდარ მკვლელობას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გამოიძიებდა.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი