ახალი ამბები

უნდა ვისაუბროთ კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციაზე ევროკავშირთან — პრემიერის მრჩეველი

11 ივლისი, 2019 • 736
უნდა ვისაუბროთ კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციაზე ევროკავშირთან — პრემიერის მრჩეველი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ „ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისე განვითარებული, როგორც დღეს არის“.

11 ივლისს, მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ბათუმში სიტყვით გამოვიდა, ჩიქოვანმა ჟურნალისტებს უთხრა:

„როგორც პრეზიდენტმა ტუსკმა განაცხადა, და როგორც საქართველოს მხარის მზაობა არსებობს, ჩვენ უნდა ვისაუბროთ საქართველოს კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციაზე ევროკავშირთან და კიდევ უფრო მეტ ახალ მექანიზმზე, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს, სხვადასხვა სფეროში მოახდინოს საკუთარი ინტეგრაცია და დაახლოება“.

ჩიქოვანმა დონალდ ტუსკს უწოდა „საქართველოს ძალიან დიდი ხნის მეგობარი“, რომელმაც „ნათლად წარმოაჩინა ის განწყობები, რაც ევროკავშირში არსებობს და ეს არის ცალსახად დადებითი განწყობები“. ტუსკმა გამოსვლისას ახსენა ვაჟა-ფშაველას სიტყვები პატრიოტიზმსა და კოსმოპოლიტიზმზე. ეს გამოსვლა ჩიქოვანმა ასე შეაფასა:

„ყველამ კარგად დავინახეთ, რომ ის არჩევანი, რაც საქართველოს აქვს გაკეთებული, — რომ საქართველო არის ევროპული მომავლის მქონე სახელმწიფო, — არის ის არჩევანი, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ გავაკეთეთ. ეს არის ჩვენი კულტურული, ისტორიული არჩევანი და ეს არის ცივილიზაცია, რომლის ნაწილიც საქართველოს ყოველთვის იყო, მიუხედავად იმისა, თუ რა მდგომარეობაში იყო მისი სახელმწიფოებრიობა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი