ახალი ამბები

თურქეთის სასამართლომ გავლენიან ჟურნალისტებს სამუდამო პატიმრობა გაუუქმა

11 ივლისი, 2019 • 878
თურქეთის სასამართლომ გავლენიან ჟურნალისტებს სამუდამო პატიმრობა გაუუქმა

მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ორ გავლენიან ჟურნალისტს თურქეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა გაუუქმა. მოსამართლეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ აჰმეთ ალთანსა და ნაზლი ილიჯაქს, რომლებიც 2016 წლის ივლისში თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დააკავეს, კონსტიტუცია არ დაურღვევიათ.

როგორც Deutche Welle თურქულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, მიუხედავად ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებისა, უმაღლესმა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა ჟურნალისტების პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. მოსამართლეთა თქმით, ორივე მათგანი ინფორმირებული იყო გადატრიალების მცდელობის შესახებ და მის ორგანიზატორებს მხარს უჭერდა. სასამართლომ საქმე, შემდგომი განხილვის მიზნით, იმ ინსტანციას დაუბრუნა, რომელმაც ალთანისა და ილიჯაქის საქმე წარსულში უკვე განიხილა.

ორივე ჟურნალისტი თურქეთის პოლიციამ 2016 წლის გადატრიალების მცდელობიდან მალევე დააკავა, 2018 წლის თებერვალში კი მათ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ბრალდების მხარე დაკავებულებს აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელთან, ფეთულაჰ გიულენთან კავშირს ედავება, რომელსაც ერდოღანის ხელისუფლება გადატრიალების ორგანიზებაში ადანაშაულებს. იმავე პერიოდში, ტერორიზმის პროპაგანდისა და პრეზიდენტ ერდოღანის შეურაცხყოფის ბრალდებით დააპატიმრეს აჰმეთ ალთანის ძმა მეჰმეთ ალთანიც, რომელსაც გასულ წელს ყველა ბრალდება მოუხსნეს და ციხიდან გაათავისუფლეს.

2016 წლიდან დღემდე თურქეთში გადატრიალების მცდელობაში ჩართულობისა თუ მასთან კავშირის ბრალდებით ათობით ათასი ადამიანი დააკავეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს. მათ შორის არიან სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები, მოსამართლეები, პოლიციელები, სამხედროები, აკადემიური სფეროსა და მედიის წარმომადგენლები. ათასობით სკოლა, უნივერსიტეტი და საერთო საცხოვრებელი დაიხურა, 200-მდე მედიაორგანიზაციამ კი ფუნქციონირება შეწყვიტა.

თურქეთში მოქმედი ორგანიზაცია P24-ის ცნობით, რომელიც პრესის თავისუფლების საკითხებზე მუშაობს, ქვეყნის ციხეებში 140 ჟურნალისტი იმყოფება. მათი უმრავლესობა გადატრიალების მცდელობის შემდეგ დააპატიმრეს. გავლენიანი ორგანიზაციის – “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” – ბოლო კვლევით, თურქეთი მედიის თავისუფლების ინდექსით 157-ე ადგილს იკავებს 180 ქვეყანას შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი