ახალი ამბები

ტუსკი ბათუმის კონფერენციაზე: მე მოგმართავთ თქვენ, არ მისცეთ არავის უფლება, რომ დაგყონ

11 ივლისი, 2019 • 1239
ტუსკი ბათუმის კონფერენციაზე: მე მოგმართავთ თქვენ, არ მისცეთ არავის უფლება, რომ დაგყონ

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“, რომელიც ბათუმში წელს მეათედ იმართება, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკიმ თავისი გამოსვლა უკვე დაასრულა. მან თქვა:

„აღმოსავლეთ პარტნიორობა ყოველთვის იყო მშვიდობის ინიციატორი და არასდროს ყოფილა მტრულად განწყობილი რომელიმე ქვეყნის მიმართ. პირიქით, მისი მიზანი იყო, რომ შეექმნა სამართლის უზენაესობა. სწორი მართლმსაჯულება, გამართული სისტემები თავის ქვეყნებში. ძალიან ბევრი კითხვა ისმება მის აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით და თქვენი ევროკავშირში წევრობა არ არის ერთადერთი შეკითხვა, მაგრამ მოდი, ნუ დავმალავთ იმ ფაქტს, რომ ეს შეკითხვა კვლავაც დღის წესრიგში რჩება.

არის ძალიან ბევრი ადამიანი ევროკავშირში, რომელთაც ეჭვი ეპარებათ და მინდა გითხრათ, რომ ასეთი პროცესები, რა თქმა უნდა, ერთ დღეში არ ხდება და ერთიანი გეგმა ყველასთან ვერ გავრცელდება და ერთად ვერ იმუშავებს. აუცილებელია დე ფაქტო სოლიდარობა ყველა ამ ქვეყანას შორის.

ამავე დროს უნდა ვთქვათ, რომ ერთი რამ ძალიან ნათელი და მკაფიოა. ჩვენ გავაგრძელებთ ინკლუზიურ ინიციატივებს ყველა იმ პარტნიორ ქვეყანასთან, გამოვიყენებთ დიფერენცირებულ მიდგომებს ყველა პარტნიორთან მიმართებაში და ვეცდებით, რომ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ აუცილებლად დავაჩქარებთ პოლიტიკურ ასოციაციებს ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან. პრინციპში, ეს იყო პირველადი ამოცანა, რომელიც ადრე დაისვა და ის დღესაც მოქმედია.

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, ასევე სამოქალაქო საზოგადოება, აქტიურად იქნებიან ჩართული ამ პროცესში.

გულით მინდა ერთი რამ გითხრათ, როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტმა და როგორც პოლონელმა, ჩემთვის საქართველო არამხოლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისთვის. როცა მე ვამბობ სიტყვა საქართველოს, მე ვგულისხმობ თავისუფლებას, მე როცა ვამბობ საქართველოს, მე ვგულისხმობ სიამაყეს, როცა მე ვამბობს საქართველოს, მე ვგულისხმობ მამაცობას. თქვენ პატარა ქვეყანა ხართ, მაგრამ უდიდესი ერი, თქვენ მიაღწიეთ შეუძლებელს იმიტომ, რომ ყველანაირი განსხვავების მიუხედავად, ერთიანი მიზნისათვის გაერთიანდით. თქვენ აშენებთ თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს. თქვენ გააოცეთ ევროპა და მთელი სამყარო. მე მოგმართავთ თქვენ, არ მისცეთ არავის უფლება, რომ დაგყონ, ყოველთვის იყავით ერთიანი, როგორც ერთი დიდი ევროპა.

გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი