ახალი ამბები

საქართველო-კორეას შორის პირდაპირი ფრენების დაწყებაზე მოლაპარაკებები დაიწყო

11 ივლისი, 2019 • 1359
საქართველო-კორეას შორის პირდაპირი ფრენების დაწყებაზე მოლაპარაკებები დაიწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კორეასთან პირდაპირი ფრენების დაწყებაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კორეის მთავრობასთან მოლაპარაკებების შედეგად, მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საჰაერი მიმისვლისთვის საჭირო პროცედურები 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.

“2019 წლის 8-10 ივლისს, კორეის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის შეჯერების მიზნით მოლაპარაკებები გაიმართა.

2-დღიანი მოლაპარაკებების შედეგად მოხდა შეთანხმების პროექტის პარაფირება და შესაბამისი ოქმის გაფორმება, რომლითაც მხარეებმა  შესაძლო მოკლე ვადაში შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების და შეთანხმების 2019 წლის ბოლომდე გაფორმების ვალდებულება აიღეს.

მოლაპარაკებების ფარგლებში მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომელიც ზემოხსენებული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ქართულ მხარეს კორეის უმსხვილეს საერთაშორისო აეროპორტებში რეგულარული ფრენების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს. შეთანხმების გაფორმებით, შეიქმნება ორ ქვეყანას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში სამართლებრივი ბაზა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას”,-აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტროს ცნობითვე, აქამდე ორ ქვეყანას შორის ჩარტერული რეისები სრულდებოდა და მიმდინარე წლის 6 თვეში კორეადან საქართველოში 7 185 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდზე 28%-ით მეტია.

“კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ჩარტერული რეისების შესრულება 2018 წლიდან ხორციელდება, კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში თბილისსა და სეულს შორის ავიაკომპანია “Korean Air”-ის მიერ განხორციელებული იქნა ორი ტურისტული ჩარტერი, რომლის მიერ 557 მგზავრი იქნა გადაყვანილი. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2019 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში თბილისსა და სეულს შორის ავიაკომპანია “Korean Air”-ის მიერ განხორციელებული იქნა ოთხი ტურისტული ჩარტერული რეისი, რომლის მიერ გადაყვანილი იქნა 935 მგზავრი.

ამასთან, ბოლო წლებში საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობაში კორეის რესპუბლიკიდან შემოსული ვიზიტორების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. კერძოდ, 2019 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან შემოვიდა 7,185 ვიზიტორი, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29.8%-ით მეტია (5,536 ვიზიტორი). რაც შეეხება სრულ 2018 წელს, აღნიშნულ პერიოდში შემოვიდა 13,278 ერთეული ვიზიტორი, რაც 2017 წელთან შედარებით  112.2%-ით მეტია (6,257 ვიზიტორი),”-წერია სამინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი