სასტუმრო კომპლექსი ლიკანში, ე.წ. IV-ე სამმართველოს სახელით ცნობილ ტერიტორიაზე მდებარეობს.
გახსნის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცეპრემიერები, მთავრობის, პარლამენტის და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი ქართულ-ყაზახური ერთობლივი პროექტი.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ გამოსვლისას აღნიშნა, რომ ტურისტულ ბაზარზე დაბრუნდა კურორტი, რომელიც პოპულარული და ერთ-ერთი გამორჩეული დასასვენებელი ადგილი იყო. „სასტუმრო შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტულ ცხოვრებას გამოაცოცხლებს,“ განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
საპარტნიორო ფონდის ცნობით, სასტუმროში 151 ნომერია – სტანდარტული, ლუქსის და საპრეზიდენტო ნომრები. კომპლექსი აერთიანებს რესტორანს, კაფე-ბარებს, საკონფერენციო დარბაზებს, გოლფის და ფეხბურთის სათამაშო მოედნებს, სპა ცენტრს, საცურაო აუზს, ბავშვთა გასართობ ცენტრს „რიქსი ქლაბს“ და დამხმარე ნაგებობებს. სასტუმროს ოპერირებას სასტუმროების ცნობილი ქსელი „რიქსოსი“ განახორციელებს, რომელიც ამ პროექტით პირველად შემოვიდა საქართველოში.
კომპლექსი აშენდა საპარტნიორო ფონდის და ყაზახური კომპანია „ყაზმუნაიგაზის“ ერთობლივი ინვესტიციით. პროექტის ჯამური ღირებულება 48 მილიონი აშშ დოლარია. საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობა პროექტში კაპიტალის 50%–ია. სასტუმროს მშენებელობა 2006 წელს დაიწყო.
