ახალი ამბები

რა მიზანი აქვს პუტინს, როცა საქართველოს ოკუპაციასა და გენოციდში ადანაშაულებს

10 ივლისი, 2019 • 3574
რა მიზანი აქვს პუტინს, როცა საქართველოს ოკუპაციასა და გენოციდში ადანაშაულებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველო დაადანაშაულა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „ისტორიულ ოკუპაციასა“ და გენოციდში. რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ისტორიის ამგვარ ინტერპრეტაციას?

პუტინის პასუხად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არცთუ ისე მკაცრად განაცხადა, რომ „მსგავსი განცხადებები პირველად არ გვესმის“; საგარეო საქმეთა მინისტრმა მის ნათქვამს „ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი“ უწოდა და თქვა, რომ „ისტორიულ წიაღსვლებზე“ ისტორიკოსებმა უნდა იმსჯელონ. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა თამარ ხულორდავამ კი განაცხადა, — „არ ავყვეთ ამ სახიფათო თამაშში“. რამდენად სწორია ქართული მხარის ასეთი პოზიცია?

„ისტორიის გადაწერა“

9 ივლისს გავრცელებულ ვრცელ მიმართვაში ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიას ისტორიის ასეთი მიმოხილვა შესთავაზა: ოსეთი, — მისი ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილები, — 1774 წელს შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში; 1810 წელს აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო (სამთავრო), ისე შეუერთდა იმპერიას;

მოგვიანებით, პუტინის თანახმად, „ოსეთის სამხრეთ ნაწილი შევიდა ტფილისის გუბერნიაში, არავითარი საქართველო არ ყოფილა“; შემდეგ, მისი ვერსიითვე, დამოუკიდებელმა ქართულმა სახელმწიფომ აფხაზეთის ჩაყლაპვა სცადა გერმანული ძალების დახმარებით: „1919-1920 წლებში ოკუპანტები ოსეთში უფრო სასტიკად მოიქცნენ. რეალურად, ეს ზუსტად ისაა, რასაც დღეს გენოციდს უწოდებენ“, — განაცხადა მან.

პუტინისეულ ამ სცენარს „ისტორიის გაყალბების მცდელობას“ უწოდებენ ნეტგაზეთთან საუბარში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები, რისი მიზანიც რუსეთის სახელმწიფოს ქმედებების გამართლებაა და, არ არის გამორიცხული, ანექსიის წინაპირობის შექმნაც იყოს.

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ დავითაშვილი ამბობს, „ისტორიის გაყალბება და თავისი ინტერესებისთვის გამოყენება ჩვეულებრივი ამბავია, განსაკუთრებით — რუსეთის პოლიტიკაში“. „ყოველთვის ამას აკეთებდა რუსეთი, რომ რამენაირად გაემართლებინა თავისი იმპერიალისტური მიზნები“, — გვეუბნება იგი.

იმ ლოგიკით, რასაც პუტინი ავითარებს, შეიძლება ისიც თქვან, რომ „იმერეთი, გურია, სამეგრელო ცალკე სახელმწიფოები იყვნენ, რადგან ყველანი ცალ-ცალკე შეიყვანეს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში“, — ამბობს ზურაბ დავითაშვილი და განმარტავს, რომ ისტორია სინამდვილეში ასეთი არ ყოფილა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა ეს რომ აღიაროს, „ვერანაირად ვერ გაამართლებს იმას, რომ ოკუპაცია მოახდინა ამ რეგიონებისა“.

„ეს არის ისტორიის წარმოჩენა სათავისოდ — როგორც რუსეთში ასწავლიან, თითქოს ლიტვა, ლატვია და ესტონეთი თავიანთი სურვილით შევიდნენ სსრკ-ის შემადგენლობაში, თითქოს ავღანეთმა დახმარება სთხოვა სსრკ-ს; როგორც ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ 1921 წელს რუსეთმა ძმური დახმარება გაუწია ქართველ მუშებსა და გლეხებს“.

„ვალიდური დისკურსის ასაგებად“

კვლევითი ორგანიზაცია „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) ანალიტიკოსი ირაკლი სირბილაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ რუსეთმა „ისტორიის თავისებურად წაკითხვა უფრო ალბათ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიწყო“. მისი თქმით, ეს არგუმენტი რუსეთს სჭირდება „ვალიდური დისკურსის ასაგებად, რადგან სამართლებრივი დისკურსი საკმარისი არ არის, რომ გაამართლოს ძალის გამოყენებით საზღვრების ცვლილება და აგრესია სამეზობლოში“.

„გარდა ამისა, რუსეთი ცდილობს ამ ისტორიის ცალმხრივი წაკითხვით დასავლეთს და პოსტსაბჭოთა რეგიონის ქვეყნებს უთხრას, რომ ამ ქვეყნებს ისტორიულად და კულტურულად რუსეთთან უფრო მეტი აკავშირებთ, ვიდრე დასავლეთთან. შესაბამისად, ამ რეგიონის შიგნით რა ხდება, საერთო ისტორიის მქონე ქვეყნების საქმეა და არა გარე ძალებისა“, — განმარტავს სირბილაძე.

ამას, მისი აზრით, ორი მიზანი აქვს:

  1. აჩვენოს რუსეთი როგორც მსოფლიო მოთამაშე, რომელმაც ისტორიის გარდამტეხ მომენტებში დიდი როლი შეასრულა;
  2. ისტორიის დისკურსის მოხმობით გაამართლოს საერთაშორისო სამართლის დარღვევა და აჩვენოს ამ რეგიონში რუსეთის ექსკლუზიური უფლება, იყოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მენეჯერი;

ამასთან, როგორც სირბილაძე გვეუბნება, პუტინის განცხადება აფხაზებისა და ოსების პოზიციების ერთგვარი გაძლიერებაც არის. შესაძლოა თუ არა, მისი ეს განცხადება, და ის, როგორი გაგრძელებაც ამ განცხადებამ შეიძლება ჰპოვოს, ანექსიის წინაპირობა გახდეს?

ანექსიის შესაძლო წინაპირობა?

ზურაბ დავითაშვილი გვეუბნება, რომ ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა რუსეთი, შესაძლოა, ასე მოიქცეს:

„სამხრეთ ოსეთის ხალხს არასოდეს ჰქონია დამოუკიდებლობის მოთხოვნა, არც ახლა. ამიტომ იტყვიან, რომ რეფერენდუმს ჩაატარებენ, ოსების 98% ხმას მისცემს, რომ შეუერთდეს ჩრდილოეთ ოსეთს და რუსეთი იტყვის, „მეტი რა გზა გვაქვს, დავაკმაყოფილოთ ოსი ხალხის თხოვნაო“. თუმცა, მისი თქმით, განსხვავებული ვითარება იქნება აფხაზეთში:

„ეს აფხაზეთში გაუჭირდება, რადგან მათ გაუგეს გემო დე ფაქტო სახელმწიფოს და არ მოინდომებენ რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, რადგან იციან, საერთოდ გაქრებიან. ერთი, რასაც ისინი აკეთებენ, რაც ქართველებისთვის ძალიან კარგია, არ ხდება მასობრივი პრივატიზაცია, თორემ ყველაფერს რუსები იყიდიდნენ. ამიტომ აფხაზებს არ აქვთ ეს სურვილი. რუსეთმა აფხაზეთის ანექსია რომ მოახდინოს, მაშინ აფხაზებს უნდა დაუპირისპირდეს, მაგრამ არ სჭირდება ამის გაკეთება“…

ირაკლი სირბილაძეც გვეუბნება, რომ ამის საჭიროება ჯერჯერობით რუსეთს უბრალოდ არ აქვს, რადგან ამ ორივე ტერიტორიაზე სამხედრო წარმომადგემლობა გააჩნია. „შესაბამისად, ანექსიის სტრატეგიული საჭიროება არ არსებობს“.

ამასთან, სირბილაძის აზრით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსია:

  • დაანგრევს რუსულ ნარატივს, რომ თითქოს რუსეთის მიზანი იყო არა ტერიტორიული ექსპანსია, არამედ საქართველოსგან აგრესიის დაცვის ინტერესით მოქმედებდა;
  • აფხაზეთისგან ანექსიაზე ექნება მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა, რადგან აფხაზებისთვის, მათი გადმოსახედიდან, დამოუკიდებელი სახელმწიფო მნიშვნელოვანია;

საქართველოს პასუხი პუტინს

პუტინის აღნიშნულ გამოსვლას მეორე დღეს გამოეხმაურნენ საქართველოს სახელწიფოს ლიდერები, თუმცა გამოხმაურება მაინცდამაინც მკაცრი ან კატეგორიული არ ყოფილა. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა და პალრამენტარებმაც თქვეს, რომ მსგავსი განცხადება პირველად არ გვესმის და ის ეყრდნობა „ფაქტების ფუნდამენტურად არასწორ ინტერპრეტაციას“ და არის ისტორიის „სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი“.

ქართულ მხარეს პუტინისთვის არ უპასუხია განცხადების იმ ნაწილზე, სადაც პუტინი საქართველოს, ფაქტობრივად, გენოციდში ადანაშაულებს. მეტიც, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თქვა, რომ „თუკი ჩვენ გვინდა ისტორიულ ფაქტებში წიაღსვლა, ამაზე ისტორიკოსებმა იმსჯელონ“. სწორია ეს მიდგომა?

ზურაბ დავითაშვილი შემდეგნაირად ფიქრობს: „პუტინის განცხადება ისტორიკოსების სამსჯელო კი არ არის, როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, არამედ საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის, პოლიტიკური განცხადების მიზეზი უნდა გახდეს, სადაც მკაფიოდ იქნება დაფიქსირებული საქართველოს პოზიცია ამ საკითხზე“.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში მან ასევე თქვა, რომ „ისტორიკოსების პასუხი მაშინ არის ადეკვატური, როდესაც ისტორიკოსი წერს, მიმდინარეობს მეცნიერული პოლემიკა და არის წყაროებს შორის ჭიდილი. თუმცა სხვა საკითხია, როდესაც პუტინი აკეთებს ამას. ისტორიკოსმა რა უნდა უპასუხოს? წყაროები დაუდოს? მას ეს არ აინტერესებს. ამიტომ გააკეთა პოლიტიკური განცხადება და ისტორიული ფაქტების დამახინჯებით ცდილობს გაამართლოს რუსეთის ქმედება. ამას ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა გასცენ პასუხი“.

ირაკლი სირბილაძეც გვეუბნება, რომ განცხადებებში ხაზი აუცილებლად უნდა გაესვას, რომ „საერთაშორისო სამართალს აქვს პრიმატი ისტორიულ არგუმენტებთან მიმართებით, თუმცა, ცხადია, საბაზისო ისტორიული ფაქტები უნდა შეახსენოს ხელისუფლემაც რუსეთს. განსაკუთრებით, როდესაც გენოციდს გაბრალებენ, ეგ მაინც უნდა გააბათილო“.

„რა თქმა უნდა, იქ უნდა იყოს ფაქტები, როგორი იყო ისტორია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ისტორიის დამახინჯება ემსახურება რუსეთის იმპერიალისტურ მიზნებს“, — ამბობს სირბილაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი