წულუკიანმა ეს ინფორმაცია ტელეკომპანია იმედის გადაცემა “ქრონიკის” ეთერით 13 იანვარს გაავრცელა:
“საფრანგეთში მომხდარ ტერაქტამდე ბევრად ადრე, 18 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე, შსს-ს და ჩვენი თანამშრომლობით, მაგრამ მათი ინიციატივით, მთავრობამ საკანონმდებლო ინიციატივა უკვე გააგზავნა პარლამენტში. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ახალი მუხლი, თუკი პარლამენტი მას გაიზიარებს და საკანონმდებლო ინიციატივად აქცევს, ეს არის 312 პრიმა მუხლი, სადაც წერია რომ უკანონო ფორმირებაში საზღვარგარეთ მონაწილეობა, ან ამგვარი მონაწილეობისთვის წვრთნა, ან მოწოდება, იქნება დასჯადი თავისუფლების აღკვეთით.”.
საქართველოს პარლამენტის კანცელარიაში ნეტგაზეთს 14 იანვარს განუცხადეს, რომ ასეთი ინიციატივა პარლამენტში ჯერ შესული არ არის.
სხვა დეტალები ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ჯერ უცნობია, ასევე ის, თუ როგორაა განმარტებული “უკანონო ფორმირება” საზღვარგარეთ და რა იგულისმება “მოწოდებაში”.