ახალი ამბები

გავრილოვი საქართველოს ურჩევს, რუსეთის მაგალითზე უფლებების დაცვა ისწავლოს

10 ივლისი, 2019 • 994
გავრილოვი საქართველოს ურჩევს, რუსეთის მაგალითზე უფლებების დაცვა ისწავლოს

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს ურჩევს, რუსეთისგან ადამიანის უფლებათა დაცვის გამოცდილებაზე ისწავლოს. მისი თქმით, ეს საქართველოს დაეხმარება ქვეყნის შიგნით სტაბილიზაციის მიღწევაში.

“ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო ამ ევრაზიულ ალიანსში (ომბუდსმენების) არ შედის, იმიტომ, რომ ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობის სტაბილიზაციისთვისა და იმიჯისთვის, ასევე დემოკრატიული მოდელის განვითარებისთვის, ამ ქვეყანას არ აწყენდა რუსეთის უფლებადაცვითი საქმიანობის გამოცდილებაზე სწავლა“, – ამბობს გავრილოვი დუმის კომიტეტზე, რომელიც დღეს, 10 ივლისს რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების შესახებ მსჯელობს.

საერთაშორისო  ორგანიზაცია Freedom House-ის 2018 წლის რეიტინგით, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიის ხარისხს ზომავს, რუსეთი არათავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალშია. რუსეთს 100 შესაძლოდან მხოლოდ 20 ქულა აქვს. რუსეთს რეიტინგში საქართველო უსწრებს. საქართველო  ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალშია 64 ქულით.


რა მოხდა

19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით, რისი მთავარი მიზეზიც აქციის დარბევაა. პროტესტის დაწყებიდან შემდეგ, “ოცნებაში“ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

თბილისში მიმდინარე მოვლენები “ანტირუსულ პროვოკაციად” შეაფასა რუსეთის ხელისუფლებამ და საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა გააუქმა, ასევე, რუსეთის დუმის დეპუტატები მოქალაქეებს ქართული პროდუქციისა და კურორტების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.

წაიკითხეთ ასევე:

გავრილოვი შემოდგომაზე საქართველოში მოგზაურობას გეგმავს – Interfax

მასალების გადაბეჭდვის წესი