“ქართუ” ფონდმა 14 იანვარს განაცხადა, რომ თბილისში ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ააშენებს. მთავრობა ყიდის წინა ხელისუფლების დროს აშენებულ შენობას ბათუმში, რომელშიც სააკაშვილის ხელისუფლება ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნას გეგმავდა.
12 იანვარს, „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვების პირდაპირ ეთერში ჩართვისას საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას ბათუმის ბულვარში მდებარე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიყიდვა ჩინური კომპანიისთვის სურს და ჩინელებს ამ შენობის დაბრუნება მოუწევთ.
ჟურნალისტებმა ამ საკითხზე 14 იანვარს კომენტარი თხოვეს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, რომელმაც განაცხადა:
“არ ვაპირებ კომენტარი გავაკეთო სააკაშვილის ტყუილებზე და ზოგადად, მე გირჩევთ, რომ ნაკლებად უსმინოთ, ნაკლებად დაუთმოთ საეთერო დრო. რა თქმა უნდა, არასერიოზული იქნება მის აბსურდულ ტყუილებზე კომენტარი გავაკეთოთ ჩვენ.
რაც ფონდმა “ქართუმ” გაავრცელა კომენტარი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი აპირებს, რომ მრავალმილიონიანი, მრავალ ათეულმილიონიანი უნივერსიტეტი გააკეთოს საქართველოში, თავისი კამპუსით და ეს იქნება უნიკალური პროექტი, ეს იქნება კომპლექსი.
თავდაპირველად, როცა ეს შენობა შენდებოდა[ბათუმში], ჩემი ინფორმაციით, იქ უნდა ყოფილიყო ბანკი და არა უნივერსიტეტი. შემდეგ უცებ გადაიფიქრა, როგორც ჩანს, სააკაშვილმა და მოიფიქრა, რომ რაღაც უნვერსიტეტი უნდა გაეკეთებინა.
მე როგორც ვიცი, ამერიკულ მხარესთან ჰქონდათ მოლაპარაკებები და მათ არ დაუმტკიცეს ეს პროექტი.
ეს არის თავიდან ბოლომდე ტყუილი და მისი მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში”.

