ახალი ამბები

ხანძარი მელიქ აზარიანცის სახლში: სილქ როუდ ჯგუფის განცხადება

14 იანვარი, 2015 •
ხანძარი მელიქ აზარიანცის სახლში: სილქ როუდ ჯგუფის განცხადება

“მელიქ აზარიანცის სახლში 12 იანვარს გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა დროულად მოხერხდა. სპეციალური დანიშნულების სამსახურებთან ერთად, ადგილზე ღამის საათებშიც და დილასაც იმყოფებოდნენ დეველოპერული კომპანია “დეველოპმენტ სოლუშნ” -ის წარმომადგენლები, მათ შორის კომპანიის დირექტორი, გიორგი მარრი. “ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ულამაზეს შენობაში ხანძარი გაჩნდა, საბედნიეროდ, სწრაფად მოხერხდა მისი ლოკალიზება და უკონტროლო სტიქიაში არ გადაიზარდა, ამიტომ შენობის სერიოზული დაზიანება თავიდან აცილებულია. დღეს მოვიწვიეთ კონსტრუქტორები, რომლებიც შეადგენენ სახურავის აღდგენის სამშენებლო გეგმას, იმისთვის, რომ შენობა გადავარჩინოთ შემდგომ დაზიანებას.

 

ჩვენი ჯგუფის საკუთრებაში ამ შენობის 90% -მდე ფართია. ამ ფართის უდიდესი ნაწილი გამოვისყიდეთ საბაზრო ფასად კერძო მესაკუთრეებისგან. შემდგომში, 2008 წლის დასაწყისში, ფართის ნაწილი გადმოგვეცა სახელმწიფოსგან. თუმცა, სახელმწიფოს მიერ გადმოცემულ ფართს დღესაც იკავებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო (2500-მდე კვ.მ.) და პანტომიმის თეატრი (1000-მდე კვ.მ.). როგორც დღეს ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ ფართის ნაწილს აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიც იკავებს. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ შესაბამის სამთავრობო უწყებებს ფართთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, რომ სრულად ვაკონტროლოთ ეს მართლაც გამორჩეული ისტორიული შენობა და არ დავუშვათ მსგავსი ფაქტის განმეორება. ეკონომიკის სამინისტროს ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ აღგვითქვა ამ პრობლემის მოგვარება, იმედია, საკითხი მალე გადაწყდება. მხოლოდ ამ პრობლემის გადაწყვეტის და მთლიანად შენობაზე კონტროლის შემდეგ იქნება შესაძლებელი რაიმე საინვესტიციო პროექტის განხორციელება “, განაცხადა გიორგი მარრმა”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი