ახალი ამბები

ცენტრი ემპათია: საკანონმდებლო ცვლილება საბჭოთა წარსულში დაბრუნებაა

12 იანვარი, 2015 •
ცენტრი ემპათია: საკანონმდებლო ცვლილება საბჭოთა წარსულში დაბრუნებაა

ეს განცხადება წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა “ემპათია” 12 იანვარს გაავრცელა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა “ქართული ოცნების” დეპუტატების ინიცირებული კანონპროექტის შესახებ, რომლის მიხედვითაც გამომძიებელს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკისას ან სხვა საგამოძიებო მოქმედებისას აღარ ესაჭიროება პროკურორის დადგენილება. 

 

“ემპათია” ამ კანონპროექტს საბჭოთა კავშირში დაბრუნებად აფასებს. 

 

“ჩვენთვის გაუგებარია კანონპროექტის ინიცირება იმ პარლამენტართა მხრიდან, რომელნიც, წესით, ადამიანის უფლებათა დაცვის კანონმდებლობის გაუმჯობესებით უნდა იყვნენ დაკავებულნი, და თანაც, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც წამების ფაქტების გამოძიებისა და დაუსჯელობასთან ბრძოლის მიმართულებით არც საკანონმდებლო და არც პრაქტიკულ დონეზე გაუმჯობესება არ არის”.  

 
 ცენტრ „ემპათიის“  ექსპერტთა ჯგუფი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს  გიორგი მარგველაშვილს, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს, არ დაუშვან მსგავსი „საბჭოთა“ საკანონმდებლო ცვლილება, ასევე დაიწყონ მსჯელობა და ინიცირება ლუსტრაციის კანონთან დაკავშირებით, ასევე, წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმის სახალხო დამცველის აპარატიდან გამოყოფის თაობაზე.  
 
“ეს გახლავთ ის აუცილებელი  მინიმუმი, რაც საქართველოს „საბჭოთა“ გადახვევის საფრთხისაგან დაიცავს”, – აცხადებს ორგანიზაცია. 
 
 

ემპათია
ემპათია

მასალების გადაბეჭდვის წესი