ახალი ამბები

ელბაქიძის აღმართზე გზის ჩანგრევის გამო მოძრაობა აკრძალულია

12 იანვარი, 2015 •
ელბაქიძის აღმართზე გზის ჩანგრევის გამო მოძრაობა აკრძალულია

საპატრულო პოლიციის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებული არავინ არ არის; ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

 

“საპატრულო პოლიცია მოგიწოდებთ, რომ ელბაქიძის აღმართის მიმართულებით გადაადგილებისგან დროებით თავი შეიკავოთ,”– ნათქვამია საპატრულო პოლიციის განცხადებაში.

 

ყოფილი ელბაქიძის ქუჩაზე დაზიანებული გზის მონაკვეთის ექსპერტიზა და გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შემთხვევის ადგილზე გზის დაზიანებული მონაკვეთის დათვალიერებისას განაცხადა.

 

თბილისის მერიის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, თბილისის მერიამ ექსპერტიზის ჩასატარებლად მიმართა შპს „ლაბორატორიას“, რომელმაც შესაბამისი მოქმედებები უკვე დაიწყო.

 

გზის დაზიანების მიზეზების დადგენის, ტერიტორიის გაწმენდისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე საყრდენი კედლის მშენებლობა დაიწყება.

 

„უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში გზა მთლიანად უნდა ჩავკეტოთ, რათა ხიმინჯების ჩასხმა დავიწყოთ, შემდეგ დაიწყება კედლის მშენებლობა, რაც გზის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. საპროექტო სამუშაოები სწრაფად დაიწყება. თბილისის მერია დღესვე მიმართავს დედაქალაქის საკრებულოს, იმისათვის, რომ მივიღოთ გადაუდებელი სამუშაოების სწრაფად დაწყების თანხმობა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ 12 იანვარს. თბილისის მერის თქმით, გზის დაზიანების გამომწვევი მიზეზების დადგენის შემდეგ დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

 

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის, ავთანდილ სუდაძის განცხადებით, გზის აღდგენასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა უკვე არსებობს. სუდაძის თქმით, მერიის შესაბამისი სამსახურები სერვისის მიმწოდებელ კომპანიებთან ერთად მუშაობენ.

 

ფოტო – შსს–ს პრესსამსახურის უფროსის Facebook გვერდიდან
ფოტო – შსს–ს პრესსამსახურის უფროსის Facebook გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი