“სამწუხაროდ, მოგვიწევს, თქვენ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ იდენტობის საქმიანობა ან მისი რომელიმე წევრის გამონათქვამი გახლდათ პროვოკაციული, რაც თქვენი უწმინდესობისავე თქმით, საქართველოში არეულობის შექმნას ემსახურებოდა, მივიჩნიოთ მიზანმიმართული სიცრუედ, რომელიც სახელმწიფოში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის ინტერესების გამომხატველი ორგანიზაციის დემონიზებას ემსახურება,”– მიმართავს “იდენტობა” ილია მეორეს.
საპატრიარქომ 9 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ “იდენტობამ” პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს აზრი დაამახინჯა, რითაც მორწმუნეთა აღშფოთება გამოიწვია.
მანამდე, 8 იანვარს, “იდენტობამ” განაცხადა, რომ ორგანიზაციასა და მის თანამშრომელს ირაკლი ვაჭარაძეს, რომელიც წლების მანძილზე ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო, განადგურებით ემუქრებიან ამ უკანასკნელის მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გამო, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის 2015 წლის ეპისტოლეს შეეხებოდა.
ორგანიზაციის განცხადებით, ამის შემდეგ ირაკლი ვაჭარაძის Facebook გვერდზე მუქარის შემცველი კომანტარები გაჩნდა, სადაც მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. მათგან ერთ-ერთმა, ლადო სადღობელაშვილმა “იდენტობის” აკრძალვის მოთხოვნით ორგანიზაციის ოფისთან აქცია დააანონსა, თუმცა საპატრიარქოს 9 იანვრის განცხადების შემდეგ გადაიფიქრა.
როგორც მიმართვაში წერია, ის, რომ პატრიარქის განცხადების შემდეგ “ექსტრემისტებმა ხელი აიღეს იდენტობის ოფისთან აქციის გამართვაზე”, მოწმობს, თუ რამხელა ავტორიტეტი აქვს პატრიარქს ამგვარი ჯგუფების შესაკავებლად.
“ისმის ლოგიკური კითხვა, რატომ არ შეაჩერეთ ეს რამდენიმე წლის წინ?”– ნათქვამია მიმართვაში.
“საქართველოს საპატრიარქოს ქცევისა და სახარებისეული მაქსიმების შედარება ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს, თუმცა მაინც გვსურს გამოვთქვათ იმედი, რომ საქართველოს საპატრიარქო ყველაფერს გააკეთებს ძალადობის შესაჩერებლად, დაგმობს ჰომოსექსუალებზე, მათ შორის მართლმადიდებელ ჰომოსექსუალებზე, სისტემატიურ ფსიქიკურ ძალადობასა და არც თუ იშვიათად, ფიზიკურ ძალადობას. ჩვენ გთხოვთ გამოიყენოთ თქვენი სასულიერო ავტორიტეტი იმისთვის, რომ სასულიერო დასმა და მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა შეწყვიტონ ჰომოსექსუალთა დაცინვა, გაკიცხვა და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გაძევება,”– წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
“იდენტობის” პატრიარქისადმი მიმართვის სრული ტექსტი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.