რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით [სახელმწიფო ღალატი] ბრალი წარუდგინეს ცხინვალელ მაღალჩინოსანს, სერგეი ლიპინს, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციიდან დაითხოვა.
სამხრეთ ოსეთი დე ფაქტო გენერალური პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ლიპინი და მისი თანამზრახველები 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში ქართულ მხარესთან თანამშრომლობდნენ და ქართულ სპეცსამსახურებს სახელმწიფო მნიშვნელობის ინფორმაციას აწვდიდნენ.
აქვე ნათქვამია, რომ სწორედ ლიპინთან თანამშრომლობით, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდა ცხინვალში, შეძლო ქართულმა მხარემ საარტილერიო სისტემებისა და საავიაციო დარტყმების კორექტირება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტებზე.
ცხინვალის ცნობითვე, ამ ეტაპზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და დამატებითი დეტალები საქმეზე ჯერ არ საჯაროვდება.