ახალი ამბები

დუმის კომიტეტმა ქართული ღვინის და მინერალური წყლის ემბარგოს მხარი დაუჭირა

8 ივლისი, 2019 •
დუმის კომიტეტმა ქართული ღვინის და მინერალური წყლის ემბარგოს მხარი დაუჭირა

რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ქართული ღვინის და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვას მხარი დაუჭირა.

“ინტერფაქსის” ინფორმაციით, პროფილურმა კომიტეტმა გაიზიარა ფრაქცია “ედინაია როსიას” წინადადება საქართველოდან იმპორტის შეზღუდვისა და ფულადი გადარიცხვების აკრძალვის შესახებ. ამის შესახებ კომიტეტის სახელით ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.

ის ფიქრობს, რომ მთავრობა დამატებით ზომებს მიიღებს და აღნიშნა, რომ “რაც თბილისში მოხდა, საღ აზრს მიღმაა და მსგავსი ქმედებები ყოვლად მიუღებელია”.

სლუცკის თქმით, მოსკოვში ელოდნენ ბოდიშის მოხდას დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებული ინციდენტის გამო.

“ჩვენ ახლაც ველოდებით ბოდიშს. არ ვიცი, მოიხდიან თუ არა, არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ქვეყნის ხელმძღვანელობამ, პარლამენტმა აუცილებლად უნდა მოიხადონ ბოდიში. ვფიქრობ, ერთი-ორი დღე გვაჩვენებს, მზად არის თუ არა საქართველოს ხელისუფლება ამისთვის”, – განაცხადა სლუცკიმ.

ქართული ღვინის და მინერალური წყლის იმპორტზე ემბარგოს დაწესების საკითხს დღეს სახელმწიფო სათათბიროს საბჭო განიხილავს. სლუცკის განმარტებით, საბჭო განსაზღვრავს სახელმწიფო სათათბიროს პოზიციის რედაქციას – იქნება ეს ერთიანი დოკუმენტი თუ ფრაქციისა და პროფილური კომიტეტების კოლეგიალური პოზიცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი