ახალი ამბები

საგარეო უწყების განცხადება ისტორიაში შევა — ყოფილი დიპლომატები გაბუნიაზე რეაქციას აფასებენ

8 ივლისი, 2019 • 3908
საგარეო უწყების განცხადება ისტორიაში შევა — ყოფილი დიპლომატები გაბუნიაზე რეაქციას აფასებენ

“მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, სათანადო შეფასება მისცეს ტელეკომპანიის და კონკრეტულად ამ ჟურნალისტის საქციელს, რომელმაც უხეშად უგულებელყო საერთაშორისო პროფესიული ნორმები და სტანდარტები”, – ეს არის ამონარიდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებიდან.

საგარეო უწყებამ 8 ივლისს დაგმო და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვისკენ მიმართულ ქმედებად შეაფასა “რუსთავი 2”-ის წამყვან გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის გინება პირდაპირ ეთერში.

ანალოგიური მოწოდება გააკეთა დღეს, 8 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

“ველოდებით ადეკვატურ რეაქციას პროფილური საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური საზოგადოების მხრიდან. ამ ტიპის გამოვლინებებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი ცივილიზებულ ქვეყნებში”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის კომენტარში.

“პირველი გამოხმაურებაც გაქვთ. თან ისეთი, რომ იამაყებდით ფრიად. ბოლო აბზაცი განსაკუთრებით საამაყოა. იცანით?” – საქართველოს და რუსეთის საგარეო უწყებების განცხადებებს შორის დამთხვევაზე მიუთითებს ხელისუფლებას დეპუტატი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე.

“ეს პასაჟი რას ნიშნავს? ანუ, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო სთხოვს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს და ეუთო-ს და ევროსაბჭოს და სხვა ორგანიზაციებს, რომ შეაფასოს კერძო არხის სარედაქციო გადაცემის წამყვანის უხამსი განცხადება? რა მიზნით? ქვეყნის ინტერესებში ეს როგორ შედის? რა შეფასებას ელით? სიტყვის თავისუფლებაზე გსმენიათ რამე, საერთოდ? თქვენ ვინ გეკითხებათ, “კონკრეტულად ეს ჟურნალისტი” როგორ მოიქცევა? აწი, ყველა ანტირუსულ განცხადებაზე მისცემთ ხოლმე რეაქციას? ვასიკო ოდიშვილმა რომ აგინა პუტინს, მასაც შეაფასებთ?”, – წერს კაპანაძე სოციალურ ქსელში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ისიც შეახსენეს, რომ სხვა ვითარებაში, თუნდაც რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტის ირგვლივ განვითარებული მოვლენებს ოფიციალური და ოპერატიული განცხადებით არ გამოხმაურებია.

ყოფილი დიპლომატი და უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ძნელად თუ მოიძებნება პრაქტიკა, როდესაც საკუთარი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, დაგმოს ერთი კერძო კომპანიის ერთი ჟურნალისტის ძალიან არასწორი, უხამსი და არაეთიკური გამონათქვამები.

“როგორც ჩანს, იყო პოლიტიკური დაკვეთა, რომ მმართველ გუნდს მაქსიმალურად დაეგმო გაბუნიას გამოსვლა და შეექმნათ გარკვეული ფონი. საგარეო საქმეთა მინისტრმა და მისმა აპარატმა სწორედ ასე გადათარგმნა მათი წილი იმ დაგმობისა, რომელიც მათ უნდა გამოეხატათ “რუსთავი 2″-ის, კერძოდ, გაბუნიას და ზოგადად იმ ოპოზიციურად განწყობილი მასმედიის საშუალებების მიმართ, რომლებიც არ იზიარებენ იმ ე.წ. რბილ ხაზს, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას აქვს რუსეთთან მიმართებაში და რომელიც, არანაირი შედეგის მომცემი არ აღმოჩნდა ბოლო 7 წლის განმავლობაში”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” მაჭავარიანმა.

მისი თქმით, გიორგი გაბუნიას განცხადება თავისთავად პროვოკაციული იყო და ჟურნალისტიკის ეს სტილი მიუღებელი აღმოჩნდა ქართული საზოგადოებისთვის, მაგრამ ის ისტერიკა, რომელიც ამას მოჰყვა, ქართული სახელმწიფოს სისუსტეზე და მოუმზადებლობაზე მიუთითებს.

“საზოგადოების დიდმა ნაწილმა ლამის ომის საბაბად შერაცხა ეს გაუგებრობა, რაც სამწუხაროა”, – დასძინა მაჭავარიანმა.

საქართველოს ყოფილი ელჩი ევროპის საბჭოში, მამუკა ჟღენტი მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განცხადება ისტორიაში შევა.

“ასეთ ნაჩქარევ, გაუმართავ, უადრესატო, საღ აზრს მოკლებულ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრაქტიკა არ იცნობს. ისტორიული მარაზმია ეს ყველაფერი. განცხადება არის გაჯერებული სიცრუითა და გამიზნულად მცდარი ინფორმაციით. მაგალითად, გაბუნიას განცხადება მიწერილია “რუსთავი 2″-ისთვის, მაშინ როდესაც ტელევიზიამ დაგმო და დისტანცირება მოახდინა ამ განცხადებისგან. გაუგებარი და სამარცხვინოა, როდესაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას აკეთებს მისი ქვეყნის ერთი ტელევიზიის ერთი ჟურნალისტის გამონათქვამზე და ამასთან, მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს ამის დასაგმობად. გასაკვირად ოპერატიულად გამომცხვარ განცხადებაში საუბარია რაღაც დესტაბილიზაციაზე და, ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, ეს გენიალური წიაღსვლა დეტალურად განემარტათ განცხადებაშივე, თუ რას გულისხმობენ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ჟღენტმა და დასძინა, რომ “მმართველი გუნდისადმი ლოიალურობის დამტკიცება შესაძლებელია პუტინისადმი კაპიტულანტური ქვენაგრძნობების გამჟღავნების გარეშეც”.

ამასთან, იგი საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ საგარეო უწყების გუშინდელი განცხადების თარგმანი დღემდე არ დევს უწყების ვებგვერდზე.

საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილს, რომელიც “ქართული ოცნების” მთავრობას კონსულტაციებს უწევს საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე, “ნეტგაზეთმა” ჰკითხა, მისცემდა თუ არა საგარეო უწყებას მსგავსი განცხადების გაკეთების რეკომენდაციას. მენაღარიშვილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, წესით, უკეთესად უნდა იცოდეს, რა არის მისი საერთაშორისო არენაზე გადასადგმელი ნაბიჯები.

“ის, რაც ჟურნალისტმა ჩაიდინა, რა თქმა უნდა, არის პროვოკაციული და სრულიად მიუღებელი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მიუღებელია ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის და ქვეყნის ინტერესებისთვის. თუ საერთაშორისო საზოგადოება მხარს დაუჭერს საქართველოს, თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ, მე მგონია, ეს თემა უმთავრესად ჩვენი ქვეყნის საზოგადოების შესაფასებელია”, – მიიჩნევს მენაღარიშვილი.

თბილისის და მოსკოვის მიმართვის მიუხედავად, საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებს გიორგი გაბუნიას გამონათქვამი არ შეუფასებიათ.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ 7 ივლისის გადაცემა რუსულ ენაზე დაიწყო და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა, მათ შორის, გარდაცვლილი დედა და მამა. არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ მალევე განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია გამოხატვის ამგვარი ფორმა. ბოდიში მოიხადა “კვირის აქცენტების” წამყვანმა ეკა კვესიტაძემაც.

“რუსთავი 2”-ის წამყვანის მიერ პუტინის გინებას მყისიერად გამოეხმაურნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი და შეაფასეს როგორც პროვოკაცია და დესტაბილიზაციის მცდელობა. კახა კალაძემ ისიც განაცხადა, რომ საქართველო ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დატოვონ.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა ბოდიში მოიხადა გაბუნიას გინების გამო, ამასთანავე, განაცხადა, რომ “კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებს და მუქარებს საპასუხო მკაცრი რეაგირების თაობაზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი