ახალი ამბები

მოქალაქეები ყაზბეგის დატოვებას ვერ ახერხებენ

8 იანვარი, 2015 •
მოქალაქეები ყაზბეგის დატოვებას ვერ ახერხებენ

“მარტო ჩვენ არ ვართ, რუსეთის მოქალაქეებიც არიან, გერმანელებიც – ყველა იმავე პრობლემით. გერმანელებს, მაგალითად, 7-ში ფრენა ჰქონდათ, უნდა წასულიყვნენ, მაგრამ აქ არიან ისევ”, – ამბობს მარიამ უძილაური, რომელიც 11 მეგობართან ერთად ყაზბეგშია ჩარჩენილი.


მისი თქმით, ვერც საგზაო დეპარტამენტში და ვერც სხვა სახელმწიფო უწყებაში ვერ ეუბნებიან, როდის დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები.


გუდაური, ფოტო: GUDAURI Official
გუდაური, ფოტო: GUDAURI Official


“კონკრეტულად ვერავინ გვეუბნება, როდის დაიწყებენ გაწმენდას. ჯერჯერობით სასტუმროში ვართ, მაგრამ არ ვიცი, მერე სად ვიქნებით – ფინანსური მარაგიც გვეწურება”.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გუდაურამდე გზა გაწმენდილია და საავტომობილო მიმოსვლა ორმხრივად აღდგენილია. რაც შეეხება გუდაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებს, რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ზვავსაშიშროების გამო შეუძლებელია ტექნიკისა და თანამშრომლების შეყვანა და გაწმენდითი სამუშაოების დაწყება.


“ყაზბეგში შესვლა შეუძლებელია მანქანებით, იმიტომ, რომ ზვავის ჩამოწოლის საშიშროებაა. როგორც კი მოიხსნება ზვავსაშიშროების რეჟიმი, მაშინვე შევალთ და გავაგრძელებთ გზის გაწმენდას კობამდე, ყაზბეგამდე და ლარსისკენაც. ველოდებით გარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნული სააგენტოს პროგნოზს”, – აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურში.


ყაზბეგში ჩარჩენილი მარიამ უძილაური საკვების სიმცირის პრობლემაზეც საუბრობს.


“საკვები სასტუმროში შემცირებულია, ჯერ არის, მაგრამ ზუსტად არ ამბობენ, რამდენია მარაგი. მარკეტებს რაც შეეხება, გუშინ დილით ვიყავით ჩასული და საკვები აღარ არის დარჩენილი, მარტო – არაყი, სიგარეტი, სარეცხი საშუალებები და ასე შემდეგ”. 

 

ინფორმაციას რაიონში საკვების ამოწურვის შესახებ უარყოფს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი გივი ქირიკაშვილი.


“მაღაზიებში არის საკვები, შემოსვლითაც შემოვა ეხლა, მაგის პრობლემა ნამდვილად არ არის, რომ დეფიციტი იყოს საკვების”, – აცხადებს  ქირიკაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი