თბილისში, პარლამენტის შენობასთან 7 ივლისის საღამოს კვლავ განახლდა აქცია, რომელიც 20 ივნისის შემდეგ ყოველ საღამოს იმართება. დღეს, ანტისაოკუპაციო აქციების დაწყებიდან მე-18 დღეს, მწერალმა ტორესა მოსმა თქვა, რომ „გავრილვის ღამის“ მოწყობას და ძალადობას არავის აპატიებენ.
„ჩვენ დიდი ფასი გადავიხადეთ არამხოლოდ თავისუფლებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ აგვეშენებინა სახელმწიფო ინსტიტუციები, რომლებიც დღეს არის ჩამოშლის პირას უპასუხისმგებლო ბიუროკრატების ხელში, რომელთა ერთადერთი იდეაც არის ის, როგორ გამდიდრდნენ. კონკრეტულ ოთხ წელიწადში როგორ იშოვონ იმდენი ფული, რომ მერე მთელი ცხოვრება იცხოვრონ. ასე არ გამოვა.
ეს ჩვენი ბრალია იმიტომ, რომ როდესაც პარტიულ სიაში უწერიათ ქუცნაშვილები, ასეთი ტიპის ძალას არ შეიძლება ხმა მისცე. არ შეიძლება იმიტომ, რომ ზაქარია ქუცნაშვილი როდესაც ზის პარლამენტში და გიწყვეტს, როგორ უნდა იცხოვრო, გიწერს კანონებს, სხვა არაფერი არ მოხდება გარდა გავრილოვის ღამისა. ჩვენ ვართ ამ რეალობაში.
სამწუხაროდ, 2019 წელია და ჩვენ დავუშვით, რომ ჩვენივე არჩეულმა ხელისუფლებამ მოგვიწყო ღამე, რომელსაც ჰქვია გავრილოვის. ყოველი შემდეგი ღამე ამ ქვეყანაში, სანამ გიორგი გახარია არ გადადგება, იქნება გავრილოვის ღამე. ამის მოთმენა და ატანა არის შეუძლებელი. ეს არის ჩვენი თავისუფლების დასასრული. ახლა ჩვენ ამ ზღვარის გადაბიჯების საშუალებას არ მივცემთ ან დავკარგავთ იმ თავისუფლებას, რისთვისაც ძალიან ბევრმა ადამიანმა საკუთარი სიცოცხლე გაიღო, მათ შორის აქ და ამ ადგილას. ჩვენ არ შეგვიძლია ვაპატიოთ ის ამოთხრილი თვალები, ჩვენ არ შეგვიძლია ვაპატიოთ ის ხელკეტები, რომლებიც უიარაღო ადამიანების ზურგებზე დაეშვა. ეს უნდა დასრულდეს. უნდა დასრულდეს ამ ხელისუფლებისთვის და ეს უნდა იყოს გაკვეთილი ყოველი შემდეგი ხელისუფლებისთვის. ამ ქვეყანაში ძალადობას არავისგან არ მოვითმენთ“.