ახალი ამბები

ნესტან ნენე კვინიკაძე: სავარძელი იყო სიმბოლო, რომლის ირგვლივაც გავერთიანდით

7 ივლისი, 2019 • 1311
ნესტან ნენე კვინიკაძე: სავარძელი იყო სიმბოლო, რომლის ირგვლივაც გავერთიანდით

პარლამენტთან საპროტესტო აქციები გაგრძელდა. აქციების დაწყებიდან მე-18 დღეს პარლამენტთან მწერლები და გამომცემლები შეიკრიბნენ. აქციაზე შეკრებილებს მიმართა მწერალმა ნესტან ნენე კვინიკაძემ. გთავაზობთ ამ გამოსვლის შემოკლებულ ვერსიას:

„…ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ბევრი მიზეზის გამო ასეთი რაოდენობით გამოვსულიყავით ქუჩაში, მაგრამ ალბათ არსებობს რაღაცები გენეტიკურად – ყველაზე ზუსტად ვგრძნობთ გადამწყვეტ დროს, ეპიზოდებს… მე მგონია, რომ სიმბოლოები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომაც გვიყვარს ჩვენ კინო და ლიტერატურაც. სავარძელი იყო ჩვენთვის ახლა სიმბოლო, ამის ირგვლივ გავერთიანდით.

ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ვერ მოვიტყუებთ თავს, რომ ვართ ევროპის ერთი მშვიდი ქვეყანა. ჩვენ მუდმივად ვართ ამ რეჟიმში: გვყავს გამოხატული მტერი და უსუსური, უუნარო ხელისუფლება.

ან რამდენად წარმოვიდგენდით, რომ ჩვენ ლეგიტიმურ და სრულიად ლოგიკურ საპროტესტო აქციაზე იქნებოდა ის რეაქცია, რომელიც 20 ივნისს საღამოს მივიღეთ? როცა ჩიხებში სდიეს ადამიანებს, საშინლად გაუსწორდნენ მათ…  ამ დრომდე ბევრი მასალა გაშიფრულიც კი არ არის, მაგრამ პასუხიც ეგ არის: გუშინ უფრო იყო მეტი ხალხი იყო, ვიდრე გუშინწინ, რომ ეს არის ლოგიკური და ჯაჭვური რეაქცია. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მკაფიოები, უნდა გავცდეთ ეგოისტურ, თუმცა ბუნებრივ კომპლექსებს. მესმის, რომ არ გვინდა არავისთან გაიგივება და გაკარება, ეს ბევრ ტკივილთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამის გარეშე მაინც არ გამოვა. შუალედური გზის მოძებნა შეიძლება, რომ გავერთიანდეთ ადეკვატური ადამიანების გვერდით.

ეს იქნება ალბათ გადამწყვეტი ეტაპი ჩვენი ქვეყნისთვის. ან ერთ მხარეს წავალთ, რომელიც ძალიან გვინდა ყველას, ან მეორე მხარეს,“ – აღნიშნა ნესტან ნენე კვინიკაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი