ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის საშობაო მილოცვა რეზო ამაშუკელს და სხვებს

7 იანვარი, 2015 • 932
საზოგადოებრივი მაუწყებლის საშობაო მილოცვა რეზო ამაშუკელს და სხვებს

საშობაო ღვთისმსახურების ტრანსლირება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირველი და მეორე არხით შესთავაზა მაყურებელს. წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა სამების ტაძრიდან საშობაო ლიტურგია ტელემაყურებელებს პირდაპირ ეთერით შესთავაზეს ტელეკომპანიებმა “იმედმა” და “მაესტრომაც”.

 

პირდაპირი ეთერი არც ერთ არხზე არ მიჰყავდა ტელეკომპანიის თანამშრომელს/წამყვანს.

 

ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საშობაო გადაცემას  საბურთალოს პანთეონის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ლევან მათეშვილი უძღვებოდა, რომელმაც ტელეკომპანიას მადლობა გადაუხადა:

 

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ტელეკომპანია იმედს, რომელმაც ამ სადღესასწაულო ლიტურგიის ტრანსლირება თავს იდვა. აგრეთვე ტელეკომპანიას მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანების სახელითაც, რომლებმაც რიგი მიზეზების გამო ვერ მოახერხეს ტაძარში დასწრება და იმ ქრისტიანების სახელითაც, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწეობენ”.

 

საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირდაპირ ეთერს სერგო ვარდოსანიძე უძღვებოდა, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორია.

 

ის საზოგადოებრივი მაუწყებლის  პირდაპირი ეთერს რამდენიმე საათის განმავლობაში უძღვებოდა. წამყვანმა შობის დღესასწაული ეთერით მიულოცა იმ ადამიანებს, რომლებიც მისი თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არიან:

 

“გილოცავთ ძვირფასო, მეგობრებო, ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და მინდა ვისარგებლო და მივულოცო იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არიან, ბევრი გაკეთებულით და მომავალშიც ალბათ ბევრს გააკეთებენ. მინდა მივულოცო ეს დღესასწაული სტუდენტ ახალგაზრდობას, მოსწავლე ახალგაზრდობას, სკოლის მასწავლებლებს, პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც უდიდეს საქმეს აკეთებენ. მინდა მივულოცო ჩვენი მეცნიერების განსაკუთრებულ წარმომადგენლებს. აკადემიკოს როინ მეტრეველს, რომელსაც ახლახან 75 წელი შეუსრულდა, და კიდევ ერთხელ ვულოცავ ბატონ როინს ამ იუბილეს, ბატონ თამაზ გამყრელიძეს, აკადემიკოსს, რომელსაც ამას წინათ 85 წელი შეუსრულდა; მინდა განსაკუთრებულად მივულოცო შობის დღესასწაული აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძეს, რომელიც დღეს ვერ იქნება ამ საზეიმო წირვაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას, მივულოცავ აკადემიის პრეზიდენტს ბატონ გიორგი კვესიტაძეს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს, ბატონ მერაბ ბერძენიშვილს, ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს, ბატონ რეზო ამაშუკელს და ყველა იმ ადამიანს ვულოცავ, ვინც დღეს ვერ ახერხებს სამების საკათედრო თუ სხვა ტაძრებში ამ წირვაში მონაწილეობის მიღებას”.

 

7 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანების ნაწილი შობის დღესასწაულს აღნიშნავს, მათ შორისაა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი