ახალი ამბები

“მელიას და სხვების ქმედებებმა ისეთი ფორმები მიიღო, შტურმის მოგერიება გარდაუვალი იყო” – ჩუგოშვილი

7 ივლისი, 2019 •
“მელიას და სხვების ქმედებებმა ისეთი ფორმები მიიღო, შტურმის მოგერიება გარდაუვალი იყო” – ჩუგოშვილი

“ქართული ოცნების” დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ 20 ივნისის ღამეს “შტურმის მოგერიება გრდაუვალი იყო”:

“ის რომ იმ კონკრეტულ ღამეს შტურმის მოგერიება იყო გარდაუვალი და ამას ვერ აცდებოდა ვერავინ ისეთი ფორმები მიიღო ნიკა მელიას და მისი კოლეგების, აქტივისტების და სხვების ქმედებებმა” – ამბობს დეპუტატი.

რაც შეეხება გავრილოვის ვიზიტს, რასაც ეს მოვლენები მოჰყვა, ჩუგოშვილი ამბობს, რომ ერთია მისი ქვეყანაში შემოშვება, თუმცა პარლამენტის შენობაში ის არ უნდა შეეშვათ და რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჯდომა მისთვისაც შოკის მომგვრელი იყო:

“როგორც განვითარდა მოვლენები ეს იყო ახალგაზრდების გულწრფელი ემოციების ძალიან ბოროტად გამოყენების მცდელობა და იმ სცენარის განცორხიელების მცდელობა, რომელიც მათ ვერ მოახერხეს. ძალიან კარგი რომ ვერ მოახერხეს იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს ამ ქვეყანას იმისთვის, რომ კიდევ რევოლუციების და გადატრიალებსი გზით იაროს. თუ ვინმეს ქვეყანაზე გული შესწკივა სჯობს იმაზე იფიქროს სიმშვიდისკენ და თანამშრომლობისკენ რა წაიყვანს ამ ქვეყანას” – ამბობს ჩუგოშვილი.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადაწყდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა აქცია მაინც არ წყდება და გრძელდება შს მინისტრ გიორგი გახარიას  გადადგომის მოთხოვნით.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი